ზურაბ ჟვანიას საქმე - რა სწერია FBI-ის სკანდალურ დასკვნაში?
"რუსთავის 2"-ს კონფიდენციალურმა წყარომ ამერიკის გამოძიების ფედერალური ბიუროს იმ დასკვნის კიდევ ერთი ნაწილი მიაწოდა, რომელიც ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის საქმეზე მომზადდა.
დასკვნები 2005, 2006 და 2007 წლებით თარიღდება და მათში დეტალურად არის აღწერილი შემთხვევის ადგილი, ყველა ნივთი და ყველა ნივთიერება, რომელიც გამომძიებლებმა ბინაში აღმოაჩინეს.
ნივთ-მტკიცებულებები დეტალურად არის აღრიცხული და დანომრილი. დოკუმენტში ასევე მითითიებულია, რომ ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის დნმ-ის კვალი რამდენიმე განსხვავებული ტიპის ნივთზეა აღმოჩენილი.
მათ შორის არის არა მარტო ჭიქა და სიგარეტის ნამწვავი. დნმ-ის კვალი ასევე აღმოჩენილია ხალათებსა და ზეწარზეც.
დასკვნაში ასევე სწერია, რომ გაზის გამათბობელი დამონტაჟებული იყო არასწორად. კერძოდ, არ ჰქონდა სათანადო ვენტილაციის სისტემა, რომელიც გაიტანდა აირს გამათბობლიდან, რამაც გამოიწვია ჰაერის ცუდი ხარისხი ბინაში.
FBI ამობობს, რომ ბინა ჰერმეტულად იყო დახშული. ანუ, პრაქტიკულად იყო ჰაერგაუმტარი და ტესტირების მომენტისთვის გარე ატმოსფეროდან ჰაერის შეღწევა არ ხდებოდა.
დასკვნაში ასევე ნათქვამია, რომ ვიზუალური დათვალიერებით, გამათბობელი არ აღმოჩნდა ფიზიკურად დაზიანებული. თუმცა, ვიზუალური და ფიზიკური ტესტირებით გამათბობლის და გარესივრცის შემაერთებელი გაუმართავი აღმოჩნდა.
ამერიკის გამოძიების ფედერალური ბიუროს საბოლოო დასკვნაში კი სწერია შემდეგი:
"2005 წლის თებერვალში საქართველოს პრემიერ-მინისტრი და ვიცე-გუბერნატორი ნაპოვნი იქნენ გარდაცვლილები ნახშირბადის მონოქსიდით მოწავლის აშკარა ნიშნებით. მიუხედავად იმისა, რომ ორივე პირის სიკვდილი გამოწვეული იყო უბედური შემთხვევით, მყისიერად დაიწყო საჯარო სპეკულაციები შესაძლო პოლიტიკურ მკვლელობასთან, ბინძურ თამაშთან და გარდაცვალების უცნაურ გარემოებებთან დაკავშირებით.
"ამის გამო საქართველოს ხელისუფლებამ მოითხოვა გამოძიების ფედერალური ბიუროს დახმარება. გარდაცვლილების მაღალი სტატუსიდან გამომდინარე, FBI-ის გამოძიებაში ჩართვამ დიდი მნიშვნელობა შეიძინა და მაღალი სენსიტიურობის მქონე საკითხად ჩაითვალა. საქართველოს ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ გააკეთა საჯარო განცხადება, რომ გამოძიებაში FBI ჩაერთვებოდა, რაც მედიამ და საერთაშრისო საზოგადოებამ შეაფასეს როგორც უკიდურესად პოზიტიური ნაბიჯი.
"ინციდენტიდან ოთხი დღის შემდეგ შემთხვევის ადგილზე "საშიშ ნივთიერებებზე რეაგირების ჯგუფი" ჩავიდა დიდი რაოდენობის უახლესი სამეცნიერო აღჭურვილობით და მეცნიერთა ფართო შემადნელობით. ამ ჯგუფმა მოახდინა ინციდენტის გარემოებათა რეკონსტრუქცია და ჩაატარა ოთხსაათიანი ტესტი, რომლის დროსაც გაიზომა ბინაში ჰაერის ხარისხი, ცხედრების აღმოჩენის მომენტთან მაქსიმალურად მიახლოებულ პირობებში.
"ტესტირების და არსებული მონაცემების ანალიზის შედეგად ჯგუფს არაფერი აღმოუჩენია ისეთი, რაც წინააღმდეგობაში იქნებოდა საქართველოს ხელისუფლების წინასწარ დასკვნასთან, რომ პრემიერ-მინისტრი და ვიცე-გუბერნატორი გარდაიცვალნენ ნახშირბადის მონოქსიდით მოწამვლის შედეგად, რაც გამოიწვია გაუმართავმა გამათბობელმა," - ნათქვამია FBI-ის დასკვნის გასაიდუმლოებულ ნაწილში.