დავით უსუფაშვილი: ყოველი საკადრო გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს
"ყოველი საკადრო გადაწყვეტილება უნდა იყოს დასაბუთებული და უნდა ჰქონდეს დამაჯერებელი პასუხები", -ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა თავდაცვის სამინისტროს საკადრო გადაწყვეტილებებთან არსებულ შეკითხვებზე საუბრისას განაცხადა.
"ძალიან ყურადღებით უნდა ვუსმენდეთ საზოგადოების წარმომადგენლების მოსაზრებას ამა თუ იმ თემაზე, მაგრამ საჯარო თანამდებობის პირებმა გადაწყვეტილებები უნდა მივიღოთ საკუთარი პასუხისმგებლობით და დავასაბუთოთ ეს გადაწყვეტილებები. სხვათაშორის, არა მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა საქმე ეხება ვინმეს დანიშვნას ან დაწინაურებას, ვინც წინა ხელისუფლების თუ რაიმე სხვა დროს იყო კრიტიკის ობიექტი, არამედ ყოველი საკადრო გადაწყვეტილება უნდა იყოს დასაბუთებული და უნდა ჰქონდეს დამაჯერებელი პასუხები. ყველას ეხება ეს", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
მისი თქმით, თუ ვინმეს რაიმე დანაშაული მიუძღვის, ეს კანონით გათვალისწინებული პროცედურებით უნდა გაირკვეს.
"უნდა გვქონდეს იმის გააზრებაც, რომ თუ ვინმეს დანაშაული მიუძღვის, ეს უნდა გაარკვიოს სასამართლომ. მე და თქვენ არ გვაქვს უფლება, კოლეგას დავადოთ ხელი და ვთქვათ, რომ ის არის დამნაშავე და ამიტომ არ შეიძლება, იყოს ჟურნალისტი ან რომელიმე თანამდებობის პირი. ეს კანონით გათვალისწინებული პროცედურებითაა გადასაწყვეტი", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.