თქვენ პარტიები კი არა, ფარჩაკები ხართ, ფარჩაკები!
გუშინ მეცნიერ-სპეციალისტთა მცირერიცხოვანმა ჯგუფმა რამდენიმე გულანთებულ თანამოქალაქესთან ერთად, რუსთაველზე პარლამენტის შენობის წინ საპორტესტო აქცია გამართა.
აქციის ორგანიზატორები საკანონმდებლო ორგანოსგან საქართველოს მთავრობის მიერ პარლამენტში ინიცირებული იმ კანონპროექტის დაბლოკვას ითხოვდნენ, რომელიც სასოფლო-სამეურნეო მიწების უცხოელებზე შეუზღუდავად მიყიდვას ითვალისწინებს.
აქციას იმ „შედეგი“ გამოიღო, რომ რამდენიმე მათგანი იურიდიული კომიტეტის სხდომას დაასწრეს, სადაც სწორედ ეს კანონი იხილებოდა.
ბუნებრივია, კანონპროექტის განხილვა, მითუმეტეს, სპეცილისტთა მონაწილეობით, ხმაურისა და დაპირისპირების გარეშე არ ჩაივლიდა. ყველაფერი კი იმით დამთავრდა, რომ „შეგზავნილებმა“ პროტესტის ნიშნად კომიტეტის სხდომა დატოვეს (ქართული მედიასაშუალებები იმასაც წერენ, რომ მათ სხდომა დაატოვებინეს!) ანუ, თუ ჟარგონით ვიტყვით, სულგაყიდული „კანონმდებლები“ მათი კოლეგების (ასევე სულგაყიდული) მთავრობის „პირველ ჩვენებას“ აწვებიან და აქეთ გვიტევენ _ არავითარი პრობლემა იმაში არ არის, თუ ქართულ მიწას ჩალის ფასად „გავასუხარებთო“.
რაც არ უნდა გვიკვირდეს, პასუხს არავინ იძლევა, რამ აიძულა ხელისუფლება მიიღოს ასეთი ანტიქართული , ანტისახელმწიფოებრივი კანონი, რომლის ანალოგი დედამიწის ზურგზე არ მოიძებნება!
„ივერიონმა“ გამოაქვეყნა პროფესორ პაატა კოღუაშვილის სტატია სათაურით „სად, როგორ ექცევიან მიწას“, სადაც განხილულია მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოების კანონები, რომელიც აღნიშნულ ქვეყნებში უცხოელებზე სასოფლო-სამეურნეო მიწის მიყიდვის პრაქტიკას არეგულირებს.
არათუ ასეთ „ხელგაშლილობასთან“ გვაქვს საქმე, არამედ ზოგიერთ ქვეყანაში (მაგალითად ისრაელი) მიწა უცხოელებზე საერთოდ არ იყიდება, ხოლო თუ იყიდება, იქ მკაცრად განსაზღვრული რეგულაციებია, რაც შემთხვევით პირებზე (მითუმეტეს, იურიდიულ პირებზე) მიწის გაყიდვას გამორიცხავს!
რა გვჭირს ჩვენ, ქართველებს, რატომ გავხდით საკუთარი ქვეყნის დაუძინებელი მტრები და ასეთი ბედოვლათები, რომ, იმას, რაც უფლისგან გვერგო და ერის სასიცოცხლო ინტერესებს უკავშირდება, ასე უცერემონიოდ ვანიავებთ?! რატომ ვაძლევთ უფლებას დემოკრატიის ნიღაბს ამოფარებულ ხელისუფლებას, არა მარტო სასწორზე დადოს საქართველოს მომავალი, არამედ თავისი სიხარბითა და უგუნურებით საერთოდ ქართველი ერი გააქროს მსოფლიო რუკიდან?!
სად ხართ ფსევდოპატრიოტებო და ჩირგვში თავჩარგულო პოლიტსუბიექტებო - თვალში ნაცარს რომ გვაყრით და მეათეხარისხოვანი თემებით წარამარა რომ მანიპულირებთ?!
გვიპასუხეთ: რით განსხვავდებით იმ სულიერი ჯალათებისგან, რომლებიც საკუთარ ქვეყანას ორ გროშად ყიდიან და თვალსაც არ ახამხამებენ (პირიქით, აქეთ გვიტევენ, აჟიოტაჟს ნუ ქმნითო)?!
თქვენც გამყიდველები და ფარჩაკები ხართ. მეფე კარგა ხანია შიშველია, მაგრამ , სამწუხაროდ ხალხი ჯერ კიდევ რაღაცა ეპოტინება - თავს იტყუებს და თქვენც ამით სარგებლობთ!
თუ ქართველობის ელემენტარული შეგრძნება დაგრჩენიათ, გამოდით ქუჩაში ტრანსპარატებით: „საქართველო იყიდება“ და აიძულეთ დრევანდელი ხელისუფლება უარი თქვას თავსმოხვეულ ავანტიურისტულ განზრახვაზე - ორ გროშად ჩაუგდოს უცხოტომელებს ჩვენი წინაპრების მიერ საუკუნეების მანძილზე სისხლით და ოფლით მორწყული ქართული მიწა და ქართველი გლეხი მამა-მარჩენალის გარეშე დატოვო!
დღეს დიდგორი პარლამენტის მისადგომებთანაა _ დავდგეთ იქ, სადაც ქარიშხალია!!!
P.S. თუ საზოგადოებაში საპორტესტო მუხტი არ გაღვივდა და ეს კანონიც მივაღებინეთ, მაშინ... ალბათ, სიტყვის გაგრძელება საჭირო არ არის.
საბა საბახტარაშვილი