უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის შერჩევის პროცესს უმრავლესობის გარკვეული ნაწილი აპროტესტებს

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის შერჩევის პროცესს უმრავლესობის გარკვეული ნაწილი აპროტესტებს

საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის შერჩევის პროცესს უმრავლესობის გარკვეული ნაწილი აპროტესტებს და აღნიშნულზე საგანგებო მიმართვას ავრცელებს:


"ჩვენ, საქართველოს პარლამენტის წევრები, საქართველოს კონსტიტუციის 90-ე მუხლის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტის წარდგინებით, ვირჩევთ საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს. ამიტომ ჩვენ კონსტიტუციური მოვალეობის შესრულებისას ვალდებული ვართ, ვიხელმძღვანელოთ ქვეყნის ძირითადი კანონით დადგენილი წესებით. მოქალაქეობრივი კუთვნილების, ასაკობრივი, საგანმანათლებლო და სპეციალობით (პროფესიით) მუშაობის კონსტიტუციით დაწესებული ცენზების დაცვით.


გვინდა განვაცხადოთ, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატთა შერჩევის დამატებითი კრიტერიუმები უმრავლესობის ფარგლებში არც განხილული და არც შეთანხმებული არ ყოფილა. უმრავლესობის წევრები ამის შესახებ პოსტ-ფაქტუმ ვიგებთ.

ასევე მნიშვნელოვანია, რომ ამ ოთხი დამატებითი კრიტერიუმიდან ერთი - "კანდიდატი თავისუფალი უნდა იყოს პოლიტიკური გავლენისგან", გაგებული იქნა, როგორც პოლიტიკური საქმიანობით დაკავებული პირების, ადგილობრივ თუ სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებში მომუშავე ადამიანების მდგომარეობის ამსახველად და აქედან გამომდინარე, დამაბრკოლებელ გარემოებად კანდიდატურების შერჩევისას.

მიგვაჩნია, რომ ეს არაკონსტიტუციური კრიტერიუმია. ეწინააღმდეგება როგორც კონსტიტუციას, ასევე ლოგიკასაც. კანონი არ უკრძალავს არც პარტიის წევრს, არც ადგილობრივ ან სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოში არჩეულ თუ დანიშნულ მოხელეს ან კიდევ სახელმწიფო-პოლიტიკურ თანამდებობის პირს შეცვალოს თავისი საქმიანობის სფერო.

ვერავინ ვერ იქნება გარანტი იმისა, რომ თუნდაც ე.წ. "არაპოლიტიკური" სფეროდან შერჩეული უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის გავლენის ქვეშ არ მოექცევა. დისკრიმინაციული სეგრეგაცია მიუღებელია. ყველა ჩვენგანი დიდი სიფრთხილით მოვეკიდებით უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის არჩევას. ჩვენს მიერ მიცემული ხმა იქნება ახალი 10-წლიანი სასამართლო ისტორიის დასაწყისი, რომელმაც ერთხელ და სამუდამოდ უნდა ჩამოაყალიბოს სამართლებრივი სახელმწიფო. ეს თითოეული ჩვენთაგანისთვის, რომლებიც სწორედ სამართლიანობისთვის ვიბრძოდით, უზომოდ პრინციპული საკითხია", - ნათქვამია უმრავლესობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: