დეველოპერთა პრობლემებზე უკვე ღიად ისაუბრებენ
დღეს "მენაშენეთა ასოციაციაში" მენაშენეთა ასოციაციის გაფართოებული შეხვედრა გაიმართება, რომელსაც როგორც ასოციაციის წევრი, ისე არაწევრი კომპანიები დაესწრებიან.
როგორც "მენაშენეთა ასოციაციაში" აცხადებენ, ასოციაცია მუშაობის აქტიურ ფაზაში გადადის. მათი ინიციატივით, შეხვედრაზე მოწვეულია ყველა ის მენაშენე, რომელიც უძრავი ქონების ბაზარზე მოღვაწეობს.
მენაშენეების გაფართოებულ შეხვედრაზე, გაიმართება მსჯელობა ყველა იმ პრობლემურ საკითხზე და მათი გადაჭრის გზებზე, რომელიც ბოლო პერიოდის განმავლობაში დაგროვდა.
"ბოლო წლებში, უძრავი ქონების ბაზარზე, ბევრი პრობლემა წარმოიშვა. დეველოპერთა დიდ ნაწილს შეექმნა ფინანსური პრობლემები, რაც მათ არსებულ მომხმარებლებზე უარყოფითად აისახა. მიუხედავად ბოლო წლებში განხორციელებული მასტიმულირებელი პროექტებისა, დღემდე ვერ მოხერხდა სრულად დეველოპერების მხრიდან ვალდებულებების შესრულება. შეხვედრაზე, გარდა აღნიშნული საკითხისა, განიხილავენ ყველა ის აქტუალურ პრობლემას, რომელიც თითოეულ დეველოპერს ხელს უშლის საქმიანობის ეფექტურად განხორციელებაში – როგორც ფინანსური, ასევე საკანონმდებლო საკითხები", - აცხადებენ ასოციაციაში.
ცნობისთვის, 2012 წლის სექტემბერში "მენაშენეთა ასოციაციის" თავჯდომარედ კომპანია "არსი" აირჩიეს, იქამდე კი, 2011 წელს ასოციაციას კომპანია "აქსისი" ხელმძღვანელობდა.