ზურაბ ჟვანიას მეგობრები საგანგებო მიმართვას ავრცელებენ

ზურაბ ჟვანიას მეგობრები საგანგებო მიმართვას ავრცელებენ

ექსპრემიერ ზურაბ ჟვანიას ახლო  მეგობრებმმა, პარტიულმა თანამეგობრებმა და დაცვის ყოფილმა წევრებმა მიმართვა გაავრცელეს:

"ჩვენ, ზურაბ ჟვანიას მეგობრები მივმართავთ ქართულ საზოგადოებას, პრესას, საგამომძიებო ორგანოებს - ის რაც ხდება ზურაბ ჟვანიას სახელის ირგვლივ არის სრულიად შეუწყნარებელი და შეურაცხმყოფელი არა მარტო ჩვენთვის და მისი ოჯახის წევრებისათვის, არამედ მთელი საზოგადოებისათვის.

ერთი ჯგუფი დეგრადირებული და ზნეობისგან სრულიად დაცლილი მარგინალებისა განუწყვეტლივ წამლავს, ცილს წამებს და სიცრუეში ამყოფებს ჩვენს საზოგადოებას.

მოგმართავთ ჟურნალისტებს, პრესისა და ტელევიზიის წარმომადგენლებს - ნუ ახდენთ ამ სიცრუისა და სიბინძურის საჯარო ტირაჟირებას, ნუ უწყობთ ხელს უზნეობის, ბოროტების დანერგვას და საზოგადოების გახრწნის მცდელობას.

გამოვთქვამთ რწმენას და იმედს, რომ საქართველოს მთავარი პროკურატურა დროულად გამოიძიებს 2005 წლის 3 თებერვლის ღამეს მომხდარ მკვლელობას და ამით წერტილს დაუსვამს საზოგადოებაში ბინძური ინსინუაციების ტირაჟირებას.

ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს სპეკულაციები, ზეწოლის მცდელობა გარდაცვლილის ოჯახზე და გამოძიებაზე, ყალბი თუ რეალური საგამოძიებო მასალების ფრიალი, მიცვალებულების შეურაცხყოფა და კომპრომეტირება, ოჯახზე და შვილებზე მორალური ზეწოლა.

რაც შეეხება მარგინალებს - კიდევ ერთხელ გაფრთხილებთ, არც ერთი თქვენი ქმედება ჩვენი მხრიდან უპასუხოდ და დასუჯელი არ დარჩება",- ნათქვამია განცხადებაში.


საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: