მაია ფანჯიკიძე: აღნიშნულმა განცხადებებმა ორი ქვეყნის ურთიერთობებზე კარგი გავლენა არ იქონია
საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი მაი ფანჯიკიძე უკრაინის ელჩის საგარეო უწყებაში დაბარებას აფასებს და აღნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფებას საკმარისი დრო ჰქონდა იმისთვის, რომ აღნიშნული საკითხები უკრაინის ხელისუფლებასთან განეხილა.
"ახალ ხელმძღვანელობას ჰქონდა ძალიან დიდი დრო იმისათვის, რომ ამ საკითხზე კომუნიკაცია ჰქონოდა უკრაინელ კოლეგებთან, თუკი ეს ასეთ მნიშვნელოვან და ტრაგიკულ საკითხად მიაჩნდათ. შესაბამისად კომუნიკაცია ჰქონოდათ უკრაინის ელჩთანაც საქართველოში. ელჩი დღეს დაიბარეს, ისინი ცდილობენ თქვან, რომ ეს არის უბრალოდ შეხვედრა, მაგრამ ეს არის სწორედაც დაბარება, იმიტომ, რომ ასე გავრცელდა ინფორმაცია.
იმ განცხადებებმა, რომელიც გაკეთდა პრემიერმინისტრიდან დაწყებული მინისტრების ჩათვლით და პარლამენტის დეპუტატების ჩათვლით, არანაირად არ იქონია კარგი გავლენა ორი ქვეყნის ურთიერთობებზე. მე ვფიქრობ, რომ ამისი გამოხატულება ისიცაა, რომ ვერა და ვერ შედგა პრემიერმინისტრის ვიზიტი უკრაინაში, რომელიც ჯერ კიდევ დეკემბერში იყო დაგეგმილი." - განაცხადა ფანჯიკიძემ.