ზაზა ურუშაძის „მანდარინების“ კიდევ ერთი წარმატება

ზაზა ურუშაძის „მანდარინების“ კიდევ ერთი წარმატება

ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას "რადიოთავისუფლება". გამოცემა წერს, რომ რეჟისორ ზაზა ურუშაზის ფილმი "მანდარინები" შეერთებულ შტატებში კიდევ ერთ მნიშვნელოვან პრიზს იღებს. "ოსკარების" ფინალისტმა ჰოლივუდის კინოაკადემიის მთავარ საზეიმო ცერემონიალამდე ერთი კვირით ადრე საერთაშორისო პრესის აკადემიის ("იპა") დაჯილდოებაზე უცხოური ფილმების კატეგორიაში წარდგენილ 10 საუკეთესო ფილმს შორის გაიმარჯვა. "სატელიტური პრიზების" სახელით ცნობილი ჯილდოების გადაცემის მე-19 ცერემონიალი ლოს ანჯელესში სასტუმრო "ინტერკონტინენტალის" დარბაზში კვირას საღამოს გაიმართა.

საერთაშორისო პრესის აკადემია კინოს სამყაროში დაკავებულ ჟურნალისტთა და კრიტიკოსთა გლობალური პროფესიული ასოციაციაა, რომელიც ბეჭდურ, სამაუწყებლო და ციფრულ მედიას მოიცავს. "იპას" წევრებს შორის 20 ქვეყნის მედიის წარმომადგენლები არიან.

"მანდარინებთან" ერთად საუკეთესო უცხოური ფილმის კატეგორიაში იყო შვიდივე ფილმი, რომლებიც "ოქროს გლობუსის" და "ოსკარების" საუკეთესო უცხოური ფილმების ნომინაციაში მოხვდნენ. ესენია: რუსული "ლევიათანი", პოლონური "იდა", შვედური "ფორსმაჟორი", ისრაელის "გეტი: ვივიან ამსალემის სასამართლო", მავრიტანული "ტიმბუქტუ" და არგენტინული "ველური ზღაპრები". მათთან ერთად ნომინაციაში გავიდა კიდევ სამი ფილმი: ძმები დარდენების ბელგიური "ორი დღე, ერთი ღამე", ბერძნული "პატარა ინგლისი" და კანადური "დედიკო".

ჩვენ დავუკავშირდით ლოს ანჯელესში მყოფ ზაზა ურუშაძეს, რომელიც კვირას დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალს ფილმის პროდიუსერ ივო ფელტთან ერთად ესწრებოდა და მივულოცეთ მათ "მანდარინების" მორიგი წარმატება. როგორც ზაზამ გვითხრა, ჯილდოების გადაცემა "ოქროს გლობუსების" ცერემონიალს გავდა იმით, რომ ნომინანტები დარბაზში მრგვალ მაგიდებზე გაშლილ სუფრასთან ისხდნენ, თუმცა საღამო არც ისეთი პომპეზური იყო, როგორც უცხოეთის პრესის ასოციაციის პრიზების გადაცემის ტრადიციული ცერემონიალი.

ზაზა ურუშაძისგან შევიტყვეთ ისიც, რომ სამი დღის წინ დასრულდა მოლაპარაკებები "მანდარინების" შეერთებულ შტატებში დისტრიბუციის თაობაზე. ამერიკის კინოთეატრებში ფილმის გაშვებას კომპანია "სამუელ გლოდვინ ფილმსი" უზრუნველყოფს. გამოცემა "ჰოლივუდ რეპორტერის" მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით,  "მანდარინები" შეერთებულ შტატებში წლის განმავლობაში გამოვა. "ზაზამ ლამაზი ფილმი შექმნა მსახიობთა შესანიშნავი დასის წარმოდგენით" - აცხადებს პიტერ გოლდვინი კომპანიიდან "სამუელ გოლდვინ ფილმსი" და დასძენს: "სცენარი, რეჟისურა, მსახიობთა ნამუშევარი ფილმში იუმორის და სერიოზული ტონის დაბალანსებას უწყობს ხელს. ძლიერ აღფრთოვანებული ვარ იმით, რომ ფილმს ამერიკულ აუდიტორიას წარვუდგენ. ზაზას და მის გუნდს გამართლებას და მომავალ უქმეებზე ოსკარს ვუსურვებ". აღნიშნული ციტატა გამოცემა "ჰოლივუდ რეპორტერში" ქვეყნდება.

რაც შეეხება საერთაშორისო პრესის აკადემიის დანარჩენ პრიზებს, წელს მედიის წარმომადგენელთა აშკარა ფავორიტი იყო რეჟისორ ალეხანდრო ინარუტუს "ბერდმენი". მან საუკეთესო მხატვრული ფილმის პრიზი აიღო. ფილმში მთავარი როლის შემსრულებელმა მაიკლ კიტონმა ჯილდო საუკეთესო მამაკაცის როლის შესრულებისთვის მოიპოვა. "ბერდმენმა" საუკეთესო ორიგინალური სცენარის ნომინაციაშიც გაიმარჯვა. რიჩარდ ლინკლეიტერი საერთაშორისო პრესის აკადემიამ ფილმისთვის "ბიჭობა" საუკეთესო რეჟისორის პრიზით დააჯილდოვა. კვირას საღამოს არ გაუმართლა წლის გახმაურებულ ფილმებს: ბენეტ მილერის "მელიებზე მონადირეს", არც კლინტ ისტვუდის "სნაიპერს", თუ კრისტოფერ ნოლანის "ვარსკვლავთშორისს". საუკეთესო ქალის როლის შესრულებისთვის სატელიტური პრიზი ჯულიან მურს გადასცეს.

 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: