დავით სერგეენკო: სახელმწიფო კერძო კომპანიებისგან კიდევ ოთხ რაიონულ საავადმყოფოს გამოისყიდის
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, სახელმწიფო კერძო კომპანიებისგან ოთხ რაიონულ საავადმყოფოს გამოისყიდის. ამის შესახებ სერგეენკომ მთავრობის სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებთან თემის კომენტირებისას ისაუბრა.
"ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან სხდომაზე გადის ერთი საკითხი. ეს არის რამდენიმე რაიონული საავადმყოფოს კერძო კომპანიებისგან გამოსყიდვის საკითხი. კერძოდ, ეს ეხება ყაზბეგის, წალკის, თეთრიწყაროსა და ბაკურიანის რაიონულ საავადმყოფოებს.
ეს არის მეორე და საბოლოო ეტაპი და ამით სრულდება გამოსყიდვა. ამის მიზანია, რომ კერძო კომპანიებმა გაისტუმრონ საბოლოოდ წინა წლების დავალიანება საავადმყოფოების მიმართ და ამ რაიონებში უზრუნველყოფილი იქნას სრული მოცულობის სამედიცინო მომსახურება.
ჯამში 12 რაიონული საავადმყოფო იყო კერძო კომპანიის მართვაში. მათ არ ჰქონდათ ვალდებულება, სრულად შეენარჩუნებინათ სამედიცინო სერვისები, რის გამოც რაიონების მოსახლეობას საფრთხე ექმნებოდა. ასევე მეორე ფაქტორი იყო დიდი რაოდენობით ძველი დავალიანება საავადმყოფოს პერსონალის მიერ. ხანგრძლივი კონსულტაციების შემდეგ პირველ ეტაპზე 8 საავადმყოფოს გამოსყიდვა დასრულდა, ახლა საბოლოო ეტაპია. ამით მიღწეული იქნება ამ რაიონებში სრული მასშტაბის სამედიცინო უზრუნველყოფა"",-განაცხადა მინისტრმა.