ირაკლი ღარიბაშვილი:2008 წლიდან დაუსრულებელი მშენებლობები, დღგ-სგან და K2 მოსაკრებლის გადახდისგან გათავისუფლდებიან
"სამშენებლო ობიექტები, რომლის მშენებლობაც 2008 წლის აგვისტომდე დაიწყო და დღემდე არ დასრულებულა გავათავისუფლოთ სახელმწიფოს წინაშე აღებული ვალდებულებებისან, დღგ-სგან და K2 მოსაკრებლის გადახდისგან", განცხადება ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გააკეთა.
პრემიერის თქმით, ეს გადაწყვეტილება სამშენებლო სექტორის გააქტიურებას შეუწყობს ხელს.
"2008 წლის ფინანსურმა კრიზისმა მნიშვნელოვანი ნეგატიური გავლენა იქონია ქართულ სამშენებლო კომპანიებზე, და ზოგადად სამშენებლო სექტორზე, საბანკო დაკრედიტების გამკაცრებამ და უძრავი ქონების ბაზარზე მოთხოვნის შემცირებამ, ძალიან სერიოზული ზიანი მიაყენა სამშენებლო სექტორს. შედეგად, კომპანიებს სახელმწიფოს მიმართ მნიშვნელოვანი ვალდებულებები დაუგროვდათ, დღემდე ძალიან მძიმე ტვირთად აწვება და ხელს უშლის ამ დარგის განვითარებას.
ამიტომ, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ის სამშენებლო ობიექტები, რომლების მშენებლობა დაიწყო 2008 წლის აგვისტომდე, დღემდე არ დასრულებულა, გავათავისუფლოთ სახელმწიფოს წინაშე არსებული ვალდებულებებისგან, კერძოდ დღგ-სგან და K2 მოსაკრებლის გადახდისგან. ეს გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს სამშენებლო სექტორის გააქტიურებას, განვითარებას",-განაცხადა ღარიბაშვილმა.