საგარეო უწყება: საქართველოს NATO-ში გაწევრიანება ალიანსისა და საქართველოს შორს მიმდინარე დიალოგზეა დამოკიდებული
საქართველოს NATO-ში გაწევრიანება დამოკიდებულია ალიანსისა და საქართველოს შორს მიმდინარე დიალოგზე, მისი წევრი ქვეყნების გადაწყვეტილებაზე, ამიტომ მესამე ქვეყნები ამ პროცესზე გავლენას ვერ იქონიებენ, განცხადება ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით კერესელიძემ განაცხადა.
"საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიზანშეწონილად მიაჩნია, კიდევ ერთხელ დააფიქსიროს შემდეგი: საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია წარმოადგენს ქვეყნის საგარეო-პოლიტიკურ პრიორიტეტს და ეფუძნება საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის ურყევ ნებასა და თავისუფალ არჩევანს. საქართველოს NATO-ში გაწევრიანება დამოკიდებულია ალიანსსა და საქართველოს შორის მიმდინარე დიალოგზე და ალიანსის წევრი ქვეყნების გადაწყვეტილებაზე, შესაბამისად მესამე ქვეყნები ამ პროცესზე გავლენას ვერ იქონიებენ. ამავდროულად, ალიანსის გაფართოების ისტორია ცხადყოფს, რომ NATO-ში ახალი ქვეყნების გაწევრიანება წარმოადგენს უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გამყარების უმნიშვნელოვანეს ფაქტორს. სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობას კი თავად რუსეთის ფედერაცია უქმნის საფრთხეს, 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებული ვალდებულებების უგულებელყოფით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების სისტემატური მილიტარიზაციითა და მისი ანექსიის მცდელობით. ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებზე საქართველო დღემდე უშედეგოდ აყენებს ძალის არგამოყენების შესახებ საქართველოს მიერ ორჯერ ცალმხრივად აღებული ვალდებულების საპასუხოდ რუსეთის მხრიდან ასეთივე ვალდებულების აღების საკითხს. აფხაზეთისა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმებთან ე.წ. ხელშეკრულებების დადებით რუსეთი ფაქტობრივად იქვემდებარებს საოკუპაციო რეჟიმების უკანონო სამხედრო გაერთიანებებს, რითაც განსაკუთრებით აქტუალური ხდება რუსეთის მიერ ძალის არგამოყენების შესახებ ვალდებულების აღება", - აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.
აღნიშნული განცხადებით, საქართველოს საგარეო უწყება, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც საქართველოს NATO-ში გაწევრიანებას ეხებოდა.
ცნობისთვის: რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა, გუშინ ე.წ სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა დე-ფაქტო მინისტრთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ თუ NATO საქართველოს ალიანსში "ჩათრევის" პრაქტიკულ ნაბიჯებს გადადგამს, რუსეთი ამას შესაბამისი ზომებით უპასუხებს.