რატომ ეცინებათ "ოცნების" დეპუტატებს ბიძინა ივანიშვილის დაპირებებზე?
პარლამენტი ე.წ. უფასო ფულის ინიციატივაზე მსჯელობს. განხილვის საგანი "უფასო ფულის შესახებ" დეპუტატ გოგა ხაჩიძის მიერ ინიცირებული პროექტია.
ხაჩიძემ კანონპროექტის პარლამენტისთვის წადგენა ბიძინა ივანიშვილის განცხადებით დაიწყო და უფასო ფულის გაცემასთან დაკავშირებით ყოფილი პრემიერის დაპირება გაიხსენა. ხაჩიძის განცხადებით, მისი ინიციატივა "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო დაპირებას პასუხობს.
ხაჩიძის მიერ მომზადებული პროექტის მიხედვით, ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ ბანკებიდან მიღებული ფინანსური რესურსის ხარჯები მთლიანად საპარტნიორო და საინვესტიციო ფონდებიდან დაიფარება. უფასო ფულით სარგებლობის ფარგლებში, ბანკის მიერ გაცემული თანხა 2 000 ლარზე ნაკლები არ უნდა იყოს და არ უნდა აღემატებოდეს 50 000 ლარს.
პროექტის მიხედვით, "უფასო ფულის შესახებ" კანონპროექტი 2015 წლის 1-ელი აპრილიდან 2030 წლის 31 დეკემბრამდე იმოქმედებს.
ხაჩიძის ინიციატივას საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები "არასერიოზულად" აფასებენ. მათ ოპონენტებს მიმართეს, "იმ ფულის საკითხით დაინტერესდნენ, რომელიც "ნაციონალურმა მოძრაობამ" ხელისუფლებაში ყოფნისას მიითვისა".