ირაკლი ალასანია: ქართული ეკონომიკა კოლაფსის წინაშე დგას!
ყველა დეპუტატს უნდა აინტერესებდეს თუ რა კონკრეტულ ანტიკრიზისულ გეგმას ადგენს ეკონომიკური გუნდი- ეს განცხადება "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა, ირაკლი ალასანიამ გადაცემა "რეაქციაში" გააკეთა.
ირაკლი ალასანია თანაგუნდელი დეპუტატების მიერ პარლამენტში ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრების დაბარებას გამოეხმაურა.
მისი თქმით, ეკონომიკური გუნდის მიერ გამართული შეხვედრები კარგია, თუმცა დაგვიანებული.
"ქართული ეკონომიკა კოლაფსის წინაშე დგას. აუტანელ ტვირთად აწევს ჩვენს მოქალაქეებს ლარის გაუფასურება და ზოგადად ეკონომიკური გუნდის მუშაობა. თათბირები, შეხვედრები რომლებიც ახლა ტარდება, მაგალითად, დღესაც იყო ვიცეპრემიერის ინიციატივით, რა თქმა უნდა, ძალიან კარგია, მაგრამ არის ძალიან დაგვიანებული. ასეთი შეხვედრები დეკემბერში უნდა ჩატარებულიყო. მაშინვე რომ დაეწყო მუშაობა მთავრობას დღეს ჩვენს მოქალაქეებს ასე მძიმედ ლარის გაუფასურება არ დააწვებოდათ."