მერიამ საახალწლოდ ნახევარი მილიონი ლარის შოკოლადი შეიძინა

მერიამ საახალწლოდ ნახევარი მილიონი ლარის შოკოლადი შეიძინა

"ლიბერალის" ინფორმაციით, მერიამ საახალწლოდ "ბარამბოსგან" ნახევარი მილიონი ლარის შოკოლადი შეიძინა. ფასში 50 ათასი ცალი შოკოლადის ასორტი შედის. ასორტის წონა მინიმუმ 280 გრამია.

"რისთვის შეიძინა მერიამ ნახევარი მილიონის ღირებულების შოკოლადი", - მერიისგან საჯარო ინფორმაცია ჯერ კიდევ ექვს დეკემბერს გამოვითხოვეთ. პასუხი კანონით გათვალისწინებული ვადის დარღვევით მოგვივიდა. მოგვწერეს, რომ ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე შეგვიძლია ვნახოთ. თუმცა ხელშეკრულება, რომელიც ვებ-გვერდზე დევს, მსგავს ინფორმაციას არ შეიცავს.

სატენდერო დოკუმენტაციაში წერია, რომ მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს ისეთი შეფუთვა, რომელიც პროდუქტს დაზიანებისა და გაფუჭებისაგან დაიცავს. ტენდერის მასალების მიხედვით, მერიას პროდუქცია 27 დეკემბრამდე უნდა ჩაბარდეს. ანგარიშსწორება 2011 წლის ბიუჯეტის სახსრებით მოხდება.

ტენდერში მონაწილეობა მხოლოდ "ბარამბომ" მიიღო და მანვე გაიმარჯვა.

აღსანიშნავია, რომ გასულ წელს შინაგან საქმეთა სამინისტრომ თანამშრომლებისთვის საახალწლო საჩუქრებში 700 ათასი ლარი გადაიხადა. საჩუქრები "ევროპლანტ ჯორჯიასა" და "ფუდსერვისისგან" შეიძინა.

სამინისტრომ "ევროპლანტ ჯორჯიასგან"  218 ათასი ლარის სუვენირები იყიდა. ხელშეკრულების თანახმად, კომპანიას შსს-სთვის 30 ათასი 100 მმ-იანი და 350 ცალი 120 მმ-ანი დიამეტრის  ხელნაკეთი, წითელი, შუშის ბურთი უნდა მიეწოდებინა. ბურთებზე შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობა წარწერით - "გილოცავთ შობა ახალ-წელს" და მინისტრის, ვანო მერაბიშვილის ხელმოწერა იყო გამოსახული.

გარდა ამისა, შსს-მ "ფუდსერვისისაგან" საახალწლო სასაჩუქრე ნაკრები შეიძინა, რომლის ღირებულებაც ნახევარ მილიონზე მეტია (526 ათას 500 ლარი).

სასაჩუქრე ნაკრებში შედიოდა შამპანიური "ბაგრატიონი", თაფლი "ბრეტი", შოკოლადის კანფეტი "ბარამბო", "ტკბილი ქვეყანას" ტკბილეულის ასორტი, შინდის, კომშის ან მანდარინის მურაბა "მარნეული", ვაშლის ჯემი "კულა", წვენი "კახეთი", ქართული ჩაი "რჩეული". შსს-მ თანამშრომლებს ამ შემადგენლობის 30 ათასი ცალი სასაჩუქრე ნაკრები გაუკეთა.

კომპანია "ფუდსერვისის" 25 პროცენტის მფლობელი, პარლამენტში ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარი დეპუტატის არჩილ გეგენავას ძმა - ანდრო გეგენავაა. კომპანიაში 55 პროცენტიან წილს კომპანია "ჰოლდინგ.ჯი" ფლობს, რომლის 100 პროცენტის მფლობელი ასევე ანდრო გეგენავაა.

(არქივი)

წყარო: ლიბერალი.ჯი

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: