პროვოკატორი დუმბაძე და აჭარიდან დაწყებული ნაცრევანში!
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აჭარის უმაღლეს საბჭოში დაწყებული ბუნტი ყოფილი თანაგუნდელების მხრიდან მოღალატეობრივ ქმედებად შეაფასა. მისი თქმით, ეს არის „ნაციონალების“ მხრიდან დაგებული პროვოკაცია, რომელიც რეგიონში „ქართული ოცნების“ დაშლისკენ და მისი დისკრედიტაციისკენ იყო მიმართული!..
ღარიბაშვილი ჯერჯერობით თავს იკავებს მთავარი „პროვოკატორის“ დასახელებისგან, თუმცა, მთელმა დუნიამ იცის, რომ ამ ბინძური გარიგების უკან „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ყოფილი სახე მურმან დუმბაძე დგას!
ღარიბაშვილისგან განსხვავებით აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე პირდაპირ აცხადებს, რომ ეს რევანშისტული ნაბიჯი მურმან დუმბაძის „დამსახურებაა“ და მან ამით შური იძია „ქართულ ოცნებაზე“ აჭარაში საკუთარი გავლენების დასუსტების გამო - ბერიძე არ გამორიცხავს, რომ უახლოეს ხანებში მისი თანამდებობიდან გადაყენების საკითხიც დადგეს. არადა, იგი ამ მაღალ თანამდებობაზე სავსებით დაუმსახურებლად სწორედ მურმან დუმბაძის პროტექციით მოვიდა. ეტყობა „აჭარელი ფეოდალი“ ვერ შეეგუა იმას, რომ აჭარაში სრული კონტრლის დაკარგვით სალაფავი პირიდან გამოაცალეს და ახლა შურისძიების გზას დაადგა!..
მითუმეტეს, მას თავისი ბნელი ჩანაფიქრის სისრულეში მოსაყვანად „ნაციონალების“ სახით მყარი პარტნიორი ეგულება, რომლებიც უკვე ნიშნისმოგებით აცხადებენ, რომ ხელისუფლების („ქართული ოცნების“) რღვევის პროცესი სწორედ აჭარიდან დაიწყო და იგი მალე მთელ საქართველოს მოედება!!!
ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების (რასაც ეკონომიკური პროცესების გართულებაც ემატება) ობიექტურ ანალიზს თუ გავაკეთებთ, არ არის გამორიცხული „მონასტერი“ აირიოს და საქართველო კიდევ ერთი სერიოზული დილემის წინაშე აღმოჩნდეს...
რაც არ უნდა ანტიპათიები გვქონდეს დღევანდელი ხელისუფლების მიმართ, რაც არ უნდა მიუღებელი იყოს ჩვენთვის მისი პოლიტიკა, საზოგადოებამ არეულობა არ უნდა დაუშვას, რადგან ყველაზე მეტად სწორედ „ნაციონალები“ იხეირებენ და არ არის გამორიცხული, მეორე „მაიდანი“ მოგვიწყონ თბილისში.
მითუმეტეს, როგორც კულუარებიდან გამოჟონა, ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ (თუ თანაშემწემ), ქალბატონმა ნოლანდიმ ცხრაწლიანი ჯოჯოხეთური რეჟიმის ავტორებს და თანამზრახველებს „მწვანე შუქი“ უკვე აუნთო და „თბილისური მაიდნის“ მოწყობაში მხარდაჭერა აღუთქვა.
დღეს უკვე იმ სიტუაციასთან გვაქვს საქმე, როცა არ მუშაობს ცნობილი ქართული ანდაზა - „ურემი რომ გადაბრუნდება, გზა მერე გამოჩნდებაო“. სამწუხაროდ, როცა „ქართულმა ოცნებამ“ ორიენტაცია მურმან დუმბაძეზე და მისნაირებზე აიღო, ურემი მაშინ უკვე გადაბრუნებული იყო _ მიუხედავად იმისა, რომ აჭარის მკვიდრი მოსახლეობა დუმბაძის „აღმატებულ ხარისხში“ აყვანის გამო უკმაყოფილებას არჩევნებამდეც გამოხატავდა, მაშინ ყური მათ არავინ ათხოვა, რადგან ერთადერთი ლოზუნგი არსებობდა - ოღონდ სააკაშვილის რეჟიმი მოვიშოროთ და ეშმაკსაც კი შევეკვრებითო. არადა, ჩვენდა სამწუხაროდ, გვავიწყდება, რომ ეშმაკთან შეკვრა ყოველთვის ეშმაკის გამარჯვებით მთავრდება.
ნუთუ თავის დროზე აჭარაში არ მოიძებნა ისეთი ავტორიტეტი, ხალხს რომ აიყოლიებდა და „ქართულ ოცნებას“ ნაციონალების წინააღმდეგ ბრძოლაში გამოყვებოდა?! რით იყო გამორჩეული „რესპუბლიკელი“ მურმან დუმბაძე, ყოველთვის ოპოზიციონერის ნიღაბს ირგებდა და მშვენივრად ხეირობდა?!
დააკვირდით, მურმან დუმბაძის ფავორიტებს აჭარაში და მიხვდებით, შეიძლებოდა თუ არა რეგიონის მთავარ „ფეოდალად“ მისი აღიარება (არადა, ღიად ამბობდნენ, რომ დუმბაძის კეთილი ნების გარეშე საკვანძო თანამდებობებზე ადამიანები არ ინიშნებოდნენ!).
აქედან გამომდინარე, ოცნების ყოფილი წევრები - მედეა ვასაძე, ჯემალ ფუტკარაძე და სვეტლანა კუდბა, რომლებსაც „აჭარული რევანში“ უკავშირდება, ამ ბინძურ და, შეიძლება ითქვას, საბედისწერო თამაშში მხოლოდ „პაიკები“ არიან - საჭადრაკო დაფაზე ლაზიერის, ანუ მთავარი მოქმედი ფიგურის როლს მურმან დუმბაძე შესანიშნავად ითავსებს.
ერთი სიტყვით, ლოზუნგმა „ოღონდ სააკაშვილი არა“, აჭარაშიც არ გაამართლა. არ გამოვრიცხავ ასეთი რევანშისტული განწყობები საქათველოს სხვა რეგიონებშიც არსებობდეს (ოზურგეთშიც „ქართული ოცნება“ უმცირესობაში აღმოჩნდა) და ქვეყანა არა მარტო პოლიტიკური კრიზისის, არამედ გარედან და შიგნიდან მართული არეულობის წინაშე აღმოჩნდეს.
ძნელი სათქმელია, ეყოფა თუ არა ირაკლი ღარიბაშვილს იმის გამბედაობა, საკადრისი პასუხი გასცეს რევანშისტებს და პროვოკატორებს, მაგრამ ქვეყანა მკაცრი არცევანის წინაშე რომ დგას, ფაქტია!
მრავალგზის მითქვამს, რომ ადვილად შესაძლებელია დღევანდელი მთავრობა მათივე „შეწყალებული“ და ისევ მოპარპაშე „ნაცზონდერებისგან“ ჩვენი დასაცავი გახდეს!
მე ნაკლებად მადარდებს დარჩება თუ არა ავთანდილ ბერიძე საკუთარ თანამდებობაზე და დაკარგავენ თუ არა საშუალო და მაღალ იერარქიულ კიბეზე შემთხვევით (ბრმად) მოხვედრილი ე.წ. „ოცნების ფავორიტები“ პრივილეგიებს. მე უფრო ამ ქვეყნის ბედი მაფიქრებს, რომელიც დღევანდელი ხელისუფლების უუნარობას, შეგნებულ თუ შეუგნებელ შეცდომებს არ უნდა გადავაყოლოთ!
თუ ხელისუფლება კრიტიკული სიტუაციიდან გამოსავალს ვერ იპოვის, ეს მისია საზოგადოებამ უნდა იტვირთოს - გამოვიდეს ქუჩაში, რევანშისტებს (პროვოკატორებს) საკადრისი პასუხი გასცეს და გარეშე მტრებსაც აგრძნობინოს, რომ როცა საქართველო განსაცდელის წინაშე დგება, ჩვენ ერთად ყოფნა შეგვიძლია და ძარღვებში სახელოვან წინაპართა სისხლი ისევ გვიჩქეფს. მგონი მოგვიწევს!
P.S. ყველაფერი კარგი, მაგრამ, საინტერესოა „ქართული ოცნებიდან“ გარიცხული და ოპოზიციაში გადასული მურმან დუმბაძე რატომ ინარჩუნებს ისევ პარლამენტის ვიცე-სპიკერის თანამდებობას, მითუმეტეს, როცა უმრავლესობის კვოტით იყო დანიშნული? ძალიან ბევრი კითხვა დაგროვდა, რომელზეც „ქართულმა ოცნებამ“ თუ დროზე არ გასცა პასუხი (არ იმოქმედა), მერე სიტუაცია კონტროლს არ დაექვემდებარება და ქაოსში და უმართავ პროცესებში გადაიზრდება!
აწყობს კი ეს საქართველოს?!
ზაურ ნაჭყებია