დავით კერესელიძე: საქართველო და უკრაინა მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობას მომავალშიც გააგრძელებენ!
საქართველოს საგარეო საქმეთა სამიისტროს პრეს-სპიკერმა, დავით კერესელიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საქართველო კიდევ ერთხელ უდასტურებს თანადგომას უკრაინელ ხალხს და ამ გამოწვევების ფონზე გამარჯვებას უსურვებს.
"გამოვხატავ უაღრესად თბილ და სოლიდარულ დამოკიდებულებას უკრაინის ხალხის და უკრაინის მიმართ. გუშინ გაიმართა "ღირსების მარში", რომელიც მაიდანის წლისთავს მიეძღვნა. მარშში მონაწილეობა მიიღო მრავალი ქვეყნის ლიდერმა, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტმა წარმომადგენლობით დელეგაციასთან ერთად. ჩვენ კიდევ ერთხელ ვუდასტურებთ სოლიდარობას და თანადგომას უკრაინელ ხალხს და ვუსურვებთ გამარჯვებას ყველა იმ მიზანში, რომელიც მათ სურთ, რომ მიაღწიონ ამ გამოწვევების ფონზე. საქართველოს პრეზიდენტს ჰქონდა შესაძლებლობა, შეხვედროდა უკრაინის პრეზიდენტს. გაიმართა ორმხრივი დიალოგი. განხილული იყო როგორც ორმხრივი ურთიერთობის, ისე ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხები და საერთო პერსპექტივები. ხაზგასმით აღინიშნა, რომ საქართველო და უკრაინა მომავალშიც გააგრძელებენ უმაღლეს დონეზე და ყველა დონეზე ურთიერთობას, როგორც მეგობრულს, ისე პარტნიორულს. ჩვენ გვერდზე ვუდგავართ უკრაინელ ხალხს, რომელსაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში მძიმე ბრძოლა მოუწია როგორც სეპარატისტებთან, ასევე რუსებთან, რომლებიც მხარს უჭერენ სეპარატისტულ რეჟიმს", - განაცხადა კერესელიძემ.