მამუკა არეშიძე: დარწმუნებული ვარ, სააკაშვილი ნამდვილად იყო იქ, სადაც ჟვანია მოკლეს!
FBI-ს წარმომადგენელმა პირად საუბარში ჟვანიას საქმეზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნის გაყალბება დაადასტურა, ამის შესახებ ექსპერტმა, მამუკა არეშიძემ კვირის პალიტრასთან საუბარში განაცხადა.
არეშიძე ჟვანიას მკვლელობაში სააკაშვილის თანამონაწილეობაზეც საუბრობს
"FBI-ს წარმომადგენელს ოდესაში, საერთაშორისო კონფერენციაზე შევხვდი. საუბარი შეეხო ჟვანიას საქმეს და იმას, რომ FBI-ს ერთ-ერთმა თანამშრომელმა არასწორი ინფორმაცია ჩაწერა დასკვნაში, რომლის ერთი ნაწილი ჩვენთან არასწორადაც ითარგმნა. მოკლედ, ამ დასკვნაში ისიც წერია, რომ ბუნებრივი აირით გაგუდვას სიკვდილი მოჰყვა და ისიც, რომ ეს არ შეიძლებოდა გამხდარიყო სიკვდილის მიზეზი. ოდნავ განათლებულმა ადამიანმაც რომ წაიკითხოს, უმალვე მიხვდება, რომ თეთრი ძაფითაა ნაკერი და ურთიერთსაწინააღმდეგო ნიუანსებით არის სავსე.
ის კაცი, ვინც მელაპარაკა, აღარ მუშაობს FBI-ში, ის იქ ერთ-ერთ განყოფილებას კურირებდა. მითხრა, ვიცი, რომ თავად სააკაშვილი იყო ჟვანიას მკვლელობის მონაწილე. ამის დასამალად FBI-ს ერთ-ერთ თანამშრომელზე დიდი ზეწოლა განხორციელდა, სწორედ მან თქვა პირად საუბარში, რომ შენობაში, სადაც ჟვანია მოკლეს, პრეზიდენტიც იყო.
დარწმუნებული ვარ, რომ სააკაშვილი ნამდვილად იქ იყო, სადაც ჟვანია მოკლეს და ეს მის უნებართვოდ არ მომხდარა. იქაურობა სპეცსამსახურის თანამშრომლებითაც იყო გაძეძგილი. მეტიც, თავად ჟვანიას დაცვის წევრები იყვნენ სპეცსამსახურის თანამშრომლები, რომლებიც დაკითხა პროკურატურამ. დანარჩენ დეტალებზე მე ვერ ვისაუბრებ", - განაცხადა მამუკა არეშიძემ "კვირის პალიტრასთან" საუბარში.