ჰამლეტ ჭიპაშვილი:ამ ცენტრის გახსნით არა მხოლოდ რუსეთთან იძაბება ურთიერთობები, არამედ ამიერკავკასიის კიდევ ორ რესპუბლიკასთან
საქართველოს ტერიტორიაზე NATO-ს საწვრთნელი ცენტრის განთავსების შესახებ საუბრობს და აცხადებს, რომ აღნიშნული ცენტრის განთავსებით ქვეყანას დაეძაბება ურთიერთობა არა მხოლოდ რუსეთთან, არამედ - აზერბაიჯანთან და სომხეთთანაც. ამის შესახებ პოლიტოლოგი ჰამლეტ ჭიპაშვილი "საერთო გაზეთს" ესაუბრა.
"ჩვენი პოლიტიკოსები და სამხედრო სპეციალისტები ამბობენ, რომ ეს ცენტრი არავის წინააღმდეგ მიმართული არ იქნება. თუმცა, უნდა ითქვას, რომ ჯერ არსად გახნილა ისეთი სამხედრო-სასწავლო ცენტრი, მტრედებს რომ მოაშენებს. რახან ცენტრი იხსნება, მისი დანიშნულება ისაა, რომ მიმართული უნდა იყოს რაღაცის წინააღმდეგ.
ამ ცენტრის გახსნით არა მხოლოდ რუსეთთან იძაბება ურთიერთობები, არამედ ამიერკავკასიის კიდევ ორ რესპუბლიკასთან - აზერბაიჯანთან და სომხეთთან.
საბოლოო ჯამში, ეს ნიშნავს, რომ მაგნიტივით ვიზიდავთ რუსულ სამხედრო რაკეტებს. უბრალო დაძაბულობა რომ მოხდეს საქართველოში, ღმერთმა დაგვიფაროს და, ისეთი ამბები დატრიალდება, როგორსაც უკრაინაში ჰქონდა ადგილი. საქართველო აბსოლუტურად განადგურდება და განადგურდება სწორედ იმ "ცენტრის" არსებობის გამო", - განაცხადა ჭიპაშვილმა.