რა თანხა შემოდის საქართველოში უკრაინიდან არეულობის მოსაწყობად?
ადვოკატ ზურაბ ჯორბენაძის განცხადებით, მას აქვს მნიშვნელოვანი, სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია, რომელიც ეხება "ნაციონალური მოძრაობისა" და მათთან დაახლოებული როგორც ბიზნესწრეების, ასევე ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან ფულის დიდი მასის ქვეყანაში არალეგალურად შემოტანას, რითაც არჩევნების პერიოდში არეულობის დაფინანსება უნდა მოხდეს.
ამის შესახებ ჯორბენაძემ გაზეთ "ალიასთან" საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ეს ფული საქართველოში ისევ შემოედინება.
"ოდნავ მოგვიანებით გასკდა ამბავი, რომ ნადირაძესა და ჯაფარიძეს შემოჰქონდათ ქეში ფული. მაშინ სასწრაფოდ ჩაფარცხეს ეს ამბავი, არც გაუჭირდებოდათ, რადგან აზერბაიჯანში ჯერ კიდევ ყვავის კორუფცია. მაშინ ეს ამბავი ჩაიფარცხა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ საქართველოში ფული არ შემოედინება.
"ნაციონალების" შავი ფული, არეულობის მოსაწყობად, სამი არხიდან შემოდის. ეს დაიწყო დაახლოებით ერთი წლის წინ, თუმცა გააქტიურდა გასულ შემოდგომაზე და პიკს მიაღწია ბოლო 2 თვეში"- განაცხადა ჯორბენაძემ.
მისივე თქმით, გზები, რომელითაც ეს ფული შემოდიოდა და დღესაც შემოდის, აბსოლუტურად უკონტროლოა.
"სამი გზიდან შემოდის საქართველოში ფული. ამ ეტაპზე, ყველაზე აქტიურად შემოდის უკრაინელების ხელით, შემოდის თურქეთიდან და აზერბაიჯანიდან. პატარა ფულზე კი არაა საუბარი, საუბარია 200-დან 400 მილიონ დოლარამდე თანხაზე. ამ ფულის გაკონტროლების ვალდებულება ფინანსურ პოლიციას აქვს, ასევე, საბაჟო სამსახურს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურებს, ძირითადად ეს სამსახურები აგებენ პასუხს, რომ ფინანსური დივერსია არ განხორციელდეს. ესენი კი ის სამსახურები არიან, რომლებიც "ნაციონალებით" არიან დაკომპლექტებული. ისინი თვალს ხუჭავენ ამ საკითხზე და ფულიც შემოდის"- განაცხადა ჯორბენაძემ.
ჯორბენაძისვე განცხადებით, "ნაციონალებს" მზაკვრული გეგმა აქვთ და ეს გეგმა, ხელისუფლების ხალხის ხელით ჩამოგდებაა.
"ამ ეტაპზე ეს ფული სავალუტო ბრუნვაში შეუშვეს, რომელიც ეკონომიკას დაეჯახა. პირველი რყევა აისახა ნოემბრის ბოლოდან დეკემბრის ბოლომდე. მთავრობის ეკონომიკურმა გუნდმა ლარი, რომელიც დახარჯული არ იყო ბაზარზე დიდი რაოდენობით გამოუშვა. ეს გაუთვლელი ნაბიჯი იყო. ფული, რომელსაც ეროვნული ბანკი უშვებს ბრუნვაში, არის კონტროლირებადი ფული. ეროვნულმა ბანკმა იცის რა თანხაა დაშვებული ბრუნვაში, მაგრამ ვინაა ეროვნული ბანკის სათავეში?! ყველამ ვიცით ვისი კაციცაა. დღეს სახეზეა უკონტროლო ფულის დიდი მასა, დაუბალანსებელი ლარი, ეკონომიკური გუნდი, რომელიც საერთოდ გამოვიდა მწყობრიდან"- განაცხადა ჯორბენაძემ.
მისივე თქმით, ამ უკონტროლო ფულის შემოდინება გაგრძელდება და "ნაციონალების" გეგმაა, რომ ლარის კურსმა მაღალ ნიშნულს მიაღწიოს, რაც "სოციალური აფეთქების" საფუძველი გახდება.