ნასყიდა დარბუაშვილი: სებ-ი მიზანმიმართულად ცდილობს ლარის "კუპონიზაციას" და საქართველოს 90-იან წლებში დაბრუნებას!
ლარის კატასტროფულად დაცემის მიზეზებზე საკუთარ მოაზრებას გვთავაზობს ეკონომიკის დოქტორი, ბ-ნი ნასყიდა დარბუაშვილი.
გუშინ საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ საგანგებო ბრიფინგი გამართა. როგორც მან აღნიშნა, მაშინ როცა სებ-ი ყველაფერს აკეთებს რომ ლარის კურსი დოლართან დასტაბილურდეს და ლარმა გამყარება დაიწყო, საქართველოს მთავრობამ და ბიძინა ივანიშვილმა ახლა სებ-ის და კონკრეტულად მისი კრიტიკა დაიწყეს.
რეალურად კი, ბოლო ხანებში სებ-ი და მისი ხელმძღვანელობა ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ლარის კურსი კვლავ დაეცეს. მაშინ როდესაც სავალუტო ბაზარზე ლარი მყარდება და აშკარად გამოკვეთილი დადებითი ტრენდი მიიღო., ამ დროს სებ-ი, ბანკთა შორის სავალუტო ბირჟაზე 6-7 პუნქტით მაღალ კურს აფიქსირებს. გუშინ სავალუტო ბაზარზე დოლარის შეძენა 2,09-2,11 ლარად შეიძლებოდა, ბანკთაშორის ბირჟაზე კი სებ-მა ლარის კურსი დოლართან მიმართებაში დაფიქსირა 2.1654. შეიცავს თუ არა ეს საბოტაჟის ნიშნებს? ვფიქრობ, კი!..
ყველამ იცის, რომ საქართველოში გამოიყენება ეკონომიკური განვითარების მონეტარული მოდელი. ამ მოდელის მიხედვით, ფულის მასა ყოველწლიურად უნდა გაიზარდოს 3-5 %-ით, მისი ყოველწლიური ზრდის მაქსიმალური ზღვარია 5 %-ი (ხაზს ვუსვამ 5 %-ი) წელიწადში. 2010 წელს ბრუნვაში ფულის მასა იყო 2,960 მილიარდი ლარი, ხოლო, 2015 წლამდე ფულის მასა გაიზარდა 5,911 მილიარდ ლარამდე. ფულის მასის ზრდამ შეადგინა 2,951 მილიარდი ლარი, ანუ, 2-ჯერ და მეტად გაიზარდა. ნიშანდობლივია ისიც, საშუალო წლიურმა ზრდამ შეადგინა 19 %, რაც 5-ჯერ აღემატება მაქსიმალურ დასაშვებ ნორმას. არის თუ არა ეს საბოტაჟის და დანაშაულის ნიშნები? რა თქმა უნდა, არის!
სებ-ის პრეზიდენტმა ბატონმა გიორგი ქადაგიძემ გუშინდელ ბრიფინგზე მთავრობა ბიუჯეტის არასწორ დაგეგმვაშიც დაადანაშაულა და მოუწოდა გაითვალისწინოს სებ-ის რჩევები. საინტერესოა,მაგრამ, ფაქტია, როცა მთავრობა ბიუჯეტს ადგენს და თავის საქმიანობას გეგმავს, ეკონომიკური განვითარების მონეტარული მოდელის მიხედვით, ამ დროს სები საერთოდ ამოვარდნილია ამ მოდელიდან.
რა პოლიტიკა უნდა გაატაროს მთავრობამ, რომ ლარი დაასტაბილუროს თუ სები გაურკვეველი ოდენობით თავის შეხედულების მიხედვით ზრდის ფულის მასას? ვისმეს თუ აქვს ამაზე პასუხი?
არ არსებობს ისეთი მთავრობა, რომელიც შეძლებს ასეთ ვითარებაში ეროვნული ვალუტის დასტაბილურებას!
გავიხსენოთ ისიც, რომ,2013 წელს მთავრობამ წინა საარჩევნო დაპირების შესაბამისად, დაიწყო სოფლის მეურნეობის დახმარების პროგრამა და 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში სოლიდური თანხა გამოიყო. ეკონომიკურ წრეებში და საზოგადოებაში გაჩნდა მოლოდინი იმისა, რომ სოფლის მეურნეობის მოსავალი გაიზრდებოდა და ბაზარზე ფასები შემცირდებოდა.
მაგრამ რა მოხდა? სებ-მა 2013 წელს აბსოლუტურად გაუგებრად ფულის მასა გაზარდა 1,349 მილიარდი ლარით. სებ-ის ასეთი პოლიტიკის შედეგად ფასები კა არ შემცირდა,პირიქით, გაიზარდა. ძირითადი მოხმარების პროდუქტებზე ფასების ზრდამ 50-100 % შეადგინა. ასე გაანულა სებ-მა მთავრობის ერთერთი წინასაარჩევნო დაპირება.
ნიშანდობლივია ისიც, რომ,სებ-ი მიზანმიმართულად ცდილობს ლარის "კუპონიზაციას" და ქვეყნის დაბრუნებას 90-იან წლებში.
დიახ, ჩემი დაკვირვებით სებ-ი მიზანმიმართულად ცდილობს ლარის დევალვაციას, სავარაუდოდ 3,0 ნიშნულამდე და ჰიპერ ინფლაციის გამოწვევას. არადა,სები-ის პრეზიდენტი, გიორგი ქადაგიძე თავს იზღვევს და იძახის, რომ მთავრობის პოლიტიკამ მიგვიყვანა ამ მძიმე მდგომარეობამდეო. იმას კი არ ამბობს, რომ თვითონ არაფერს არ აკეთებდა ვითარების გამოსასწორებლად და შიგადაშიგ 40 მლნ. დოლარის ინტერვენციით, ვითარების დასტაბილურების ილუზიას ქმნიდა (თითქოს უფრთხილდებოდა რეზერვებს), სინამდვილეში კი სიტუაცია მიჰყავს ჰიპერ ინფლაციისკენ. თუ ფასები "ინფლაციურ სპირალში მოექცა", ფასების დასტაბილურებას ვეღარ შევძლებთ და ამას შეეწირება მთელი ჩვენი სავალუტო რეზერვი, რომელიც რა თქმა უნდა ვიღაცეების აქტივებში გადავა.
კიდევ ერთხელ მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას და პარლამენტს, მანამ გვიან არ არის, დაუყოვნებლივ შეაჩერებინოს ეროვნულ ბანკს კომერციული ბანკების რეფინანსირება. ეს კრედიტები საქართველოს რეალური ეკონომიკის გვერდის ავლით ბრუნავს, გამოიყენება სავალუტო ბაზარზე სპეკულაციური ვაჭრობისთვის და ხელოვნურად ზრდის დოლარზე მოთხოვნას.
ასე რომ, სებ-ის დანაშაულობები სახეზეა და დაუყოვნებლივ უნდა აღიძრას სისხლის სამართლის საქმე სებ-ის ხელმძღვანელობის წინააღმდეგ.
და ბოლოს, მინდა გამოვეხმაურო ბატონ ბიძინა ივანიშვილს და ავღნიშნო, რომ ახლა როცა სებ-ი გაცემული კრედიტებით უკონტროლოდ ახდენს ლარის ემისიას, სავალუტო რეზერვებით ლარის გამყარება ვერ მოხდება-პირიქით, ეს იქნება ქვეყნის რეზერვების წყალში გადაყრა!