სათამაშო ბიზნესი აჭარაში გადადის?!
უკვე დიდი ხანია საუბრობენ იმაზე, რომ სათამაშო ბიზნესი შესაძლოა, მთლიანად ბათუმში გადავიდეს. ამის ერთ-ერთი ინიციატორი აჭარის მთავრობის ხელმძღვანელი ამირან ხაბაძეა.
ამის შესახებ აჭარის მთავრობის მეთაურმა ბათუმში გამართულ საშუალო და მსხვილ ბიზნესწარმოამდგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.
უარყოფითი დამოკიდებულება სამორინეებისა და კაზინოების მიმართ თბილისშიც არსებობს. რამდენიმე დღის წინ, კაზინო "შანგრელას" წინ მოეწყო საპროტესტო აქცია მისი დემონტაჟის მოთხოვნით. ეს არ ყოფილა პირველი შემთხვევა. "სწორედ ამიტომ, ალბათ, გონივრულია, სათამაშო ბიზნესი საკურორტო ქალაქში გადავიტანოთ, სადაც დამსვენებლები მეზობელი ქვეყნებიდან ჩამოდიან", _ ამბობს ხაბაძე.
სამორინე "PEACE"-ის მფლობელის შოთა ამირანაშვილის თქმით, სათამაშო ბიზნესი დღემდე გაურკვეველ მდგომარეობაშია. "აჭარაში არსებული სამორინეების ძირითადი სტუმრები თურქეთისა და აზერბაიჯანის მოქალაქეები არიან. ამ ქვეყანებში არ არსებობს მსგავსი დაწესებულებები, ამიტომ აჭარა და ზოგადად, საქართველო ძალიან კარგ წერტილში იმყოფება. ჩვენ შეგვიძლია ძალიან კარგად გამოვიყენოთ ეს სიტუაცია".