ლაშა ამირეჯიბი: „ნაცები“ რევანშზე გადადიან, სუს-ს სძინავს?!
სიტუაცია გამარტივდა: „ნაცებმა“ მოქმედება დაიწყეს. ვფიქრობ, 21 მარტს დაანონსებული ქუჩის აქცია - ყურადღების გადატანას ემსახურება, ძირითადი წარმოდგენა კი აჭარაში მზადდება!
ყველაფერი ძველი სცენარით უნდა გათამაშდეს.
გაიხსენეთ „ვარდების რევოლუციის“ პრელუდია - „მარში დედაქალაქისკენ“! დღეს აჭარამ წალენჯიხის ფუნქცია უნდა იკისროს! ეს არა მხოლოდ ლოგიკური მოსაზრებაა, რადგან არსებობს ჯერჯერობით დაუზუსტებელი ინფორმაცია, რომ გარკვეული პოლიტიკური სუბიექტები აჭარაში გადაბარგებას აპირებენ! ისინი აჭარაში სააკაშვილისთვის პოლიტიკური პლაცდარმის მომზადებას შეუდგებიან. მათ გეგმაში შედის „ქართული ოცნებისა“ და დავით თარხან-მოურავის პარტიების იმიჯის შელახვა-დისკრედიტაცია - „ნაცებისთვის“ ნიადაგის მომზადება, გარკვეული პოლიტიკური პოზიციების გამყარება.
მათ გვარებს ჯერ არ გავაჟღერებ, მაგრამ ის, რომ ამ საქმიანობაში მთავარი „ნიადაგმცოდნე“ მურმან დუმბაძის ჩართვა იგეგმება, ნათელია.
დაზუსტებული ინფორმაციის მიღებამდე ჩვენი ვარაუდი მუშა ვერსიად ჩავთვალოთ. ფინანსების თურქეთიდან შემოდინებას არაერთი წყარო ადასტურებს.
არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ აქ აზერბაიჯანის ნაკადიც მუშაობს, რაც, სამწუხაროდ, არა საქართველოს საბაჟომ ან სუს-მა, არამედ აზერბაიჯანულმა მხარემ გამოამჟღავნა - ქართველებმა ეს საქმე ჩაფარცხეს!
იგივე ხდება აჭარაში. შეუიარაღებელი თვალითაც მიხვდება ადამიანი, რომ იქ რაღაც არეულობა მზადდება - უმაღლეს საბჭოში „ოცნების“ მიერ უმრავლესობის დაკარგვა, დუმბაძე-ვასაძის ტანდემის დაფაცურება, საზღვრის იქეთ „ნაცებთან“ მოთათბირე სუბიექტების სიმრავლე - საკმარისი ნიშნებია, რომ ბ-ნი მირიან მჭედლიშვილის უწყება ამ ყველაფრით დაინტერესებულიყო.
შეაჯამეთ აჭარიდან წამოსული ცალკეული ინფორმაცია ტელევიზიების, პრესის, სააგენტოების მიმართ გარკვეული ჯგუფების მხრიდან ყურადღების გამოჩენა და ადვილად დაასკვნით, რომ იწყება საზოგადოებაზე აქტიური ზეწოლის კამპანია.
ასეთ მდგომარეობაში, უპრიანი იქნება, სუს-ს განსაკუთრებული ყურადღება აჭარაზე გადაეტანა და იქ სათანადო პრევენციული ზომები გაეტარებინა, რათა თავიდან ავიცილოთ არეულობის კერები.
დღეს, ჩვენი ინფორმაციით, რაიმე მსგავს ქმედებებს ადგილი არა აქვს. იმისათვის, რომ მომავალში აღარ „იბანავოთ“ ინფორმაციის ნაკადში, მეგობრულად მოგიწოდებთ, ბ-ნო მირიან, დინჯად და სკრუპულოზურად გადაამოწმოთ ყველა თქვენი თანამშრომელისგან მიღებული ინფორმაცია. „ბანაობა“ თქვენს ენაზე დეზინფორმაციის მიღება-გავრცელებას ნიშნავს, ამის ნიშნები კი, სამწუხაროდ, სახეზეა!