მარიამ რამინაშვილი: განათლების სისტემა ერთი კაცის გაუაზრებელ ახირებას არ უნდა შეეწიროს!

მარიამ რამინაშვილი: განათლების სისტემა ერთი კაცის გაუაზრებელ ახირებას არ უნდა შეეწიროს!

„ივერიონს“ განათლების სისტემაში არსებულ პრობლემებზე და ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში ახალი საგნის შემოღების ავ-კარგიანობის ესაუბრება თბილისის 53-ე საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორი, საგანმანათლებლო ალიანსის თანათავმჯდომარე მარიამ რამინაშვილი


-ჩვენს ქვეყანაში არსებული დაძაბული პოლიტიკური სიტუაციის ფონზე, თითქმის მიჩქმალულია განათლების სისტემაში არსებული პრობლემები. მავანი ცდილობს ისარგებლოს ამით და ისეთ აბლაბუდას აბამს, საიდანაც მომავალში აუცილებლად გაგვიჭირდება გამოსვლა!
საინტერესოა თქვენი აზრი საჯარო სკოლებში საპილოტედ შეტანილი ახალი საგნის შესახებ, რომელსაც “მე და საზოგადოება“ ჰქვია. რა საფრთხეს ხედავთ ამ საგნის შემოღებასთან დაკავშირებით?
-დღეს საგანმანათლებლო სფეროში, შეიძლება ითქვას, ყველაზე რთული სიტუაციაა. საქართველოს მასშტაბით, სკოლების უმრავლესობაში, პროცესი რთული და მძიმე დარღვევების ფონზე მიმდინარეობს, გამომდინარე იქიდან, რომ სამინისტროს მხრიდან მიჯრით განხორციელებული სხვადასხვა აქტივობა, რომელსაც სიტუაცია უნდა დაერეგულირებინა, აბსოლუტური ქაოსისა და პრობლემების ფონზე წარიმართა. ამის შედეგად მოჰყვა სასკოლო საზოგადოებაში სრული ქაოსი, განხორციელებული თუ დაგეგმილი აქტივობების უსტრატეგიო და არაკომპეტენტური შინაარსის გამო.


აბსოლუტურად გეთანხმებით, რომ ქვეყანაში შექმნილი უმძიმესი სოციალური თუ პოლიტიკური სიტუაციიც გამო, მიუხედავად ჩვენი აქტიურობისა, ყურადღების მიღმა რჩება განათლების სფეროს ისეთი პრობლემები, რომელსაც სულ ცოტა ხანში  კატასტროფული შედეგი მოჰყვება - საილუსტრაციოდ შეიძლება დავასახელოთ, მასწავლებელთა პროფესიაში შესვლის, პროფესიული ზრდისა და კარიერული წინსვლის სქემა წარმოდგენილი ვარიანტით, ან დისციპლინური წარმოების წესის ამოქმედება და ა.შ... 


ეს სიახლე, რომელიც გულისხმობს დაწყებით საფეხურზე ახალი საგნის "მე და საზოგადოების”  შემოტანას, ამ რიგს მიეკუთვნება და გადაწყვეტილების დონეზეც კი გაუაზრებელი, არაკომპეტენტური და დაუგეგმავი სიახლეა. დარწმუნებული ვარ, რომ ამ საგნის შემოტანა, ექსპრემიერი ივანიშვილის ერთ-ერთი ინტერვიუს დროს გაბრწყინებული წინადადების ხორცშესხმაა, სადაც ,,ჩვენი დროის ფილოსოფოსმა” იდეა მიაწოდა საზოგადოებას, რომ ფილოსოფიის სწავლა,  საგნის სახით,  სკოლაში აუცილებელია. საეჭვოდ სწრაფად დაემთხვა ბადეში ახალი საგნის გაჩენა აღნიშნულ ინტერვიუს…


უპირველესად, უნდა გითხრათ, რომ სკოლაში შესასწავლი საგნების არსებობა მთლიანად ემთხვევა ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებს, რომელიც 2004 წლის მთავრობის დადგენილებაა და აღნიშნულ დოკუმენტში გაწერილი მიზნები აბსოლუტურად ყველა საგნის კონცეფციის ნაწილს წარმოადგენს. როგორც ახალი საგნის მიზნებსა და მიმართულებებში ამოვიკითხე, იგი სიტყვა-სიტყვით და, რასაკვირველია, შინაარსით  მთლიანად, იმეორებს სადამრიგებლო პროგრამის ძირითად ფუნქციებს. ისევე როგორც ამ საგნის, ასევე სადამრიგებლო პროგრამის ძირითად ფუნქციებს წარმოადგენს მოსწავლის სოციალიზაციის პროცესის,პიროვნული, მორალური, სოციალური, ფიზიკური და შემეცნებით- კულტურული განვითარების ხელშეწყობა. შესაბამისად, აღნიშნული საგანი სადამრიგებლო საათის დუბლირებად შეიძლება იქნას განხილული და საათობრივ ბადეში მისი საგნის სტატუსის მინიჭება მხოლოდ ფორმალურ მხარედ შეიძლება განვიხილოთ. თუმცა, ეს ყოველივე პრობლემებს შექმნის სხვა მხრივ, რომელიც გაცილებით რთული მოსაგვარებელი აღმოჩნდება. კერძოდ, ვინ შეიძლება ანუ რა სპეციალობის ადამიანმა უნდა ასწავლოს ეს საგანი?  იგი საზოგადოებრივი საგნის ჯგუფშია განაწილებული, თუმცა, აღნიშნული პედაგოგების აქამდე მუშაობის სპეციფიკიდან თუ ამოვალთ, ძნელი იქნება იმ კადრების ნახვა, რომელიც დიდაქტიკური კომპეტენციით შესაბამისობაში აღმოჩნდებიან დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებთან ნებისმიერი ტიპის საგაკვეთილო პროცესის წასამართად. გარდა ამისა, არსებულ ბადეში უნდა შემცირდეს რომელიმე საგნის კვირეული საათობრივი დატვირთვა, რათა ახალ საგანს განესაზღვროს თავისი ბადე… ეს პრობლემას შეუქმნის უკვე არსებული საგნების სტანდარტით გათვალისწინებული შედეგების შესრულებას, რადგან ისინი სწორედ აქამდე არსებულ კვირეულ საათობრივ დატვირთვაზეა გაწერილი.


თუ იგულისხმება, რომ უნდა დაემატოს III-IV კლასის კვირეულ საათობრივ დატვირთვას ამ საგნისთვის საჭირო კვირეული საათი, ეს კიდევ უფრო სახიფათოა, რადგან,  როგორც მოგეხსენებათ, I-IV კლასი მკაცრად ითვალისწინებს, ასაკობრივი განვითარების შესაბამისობიდან გამომდინარე, მოსწავლის ფიზიოლოგიურ თუ ფსიქოლოგიურ თავისებურებებს სკოლაში მოტივირებული და შემეცნებისათვის საჭირო გარემოს ჩამოსაყალიბებლად.
გარდა ამისა, სახელმწიფომ უნდა შექმნას ამ საგნის პედაგოგებისთვის სქემის ერთი საფეხურიდან მეორეში გადასასვლელად საჭირო საგნობრივი გამოცდის პროგრამა და უზრუნველყოს მისი ჩატარება, რადგან პრობლემა არ გახდეს ამ საგნის მასწავლებლობაზე პედაგოგის დათანხმება იქიდან გამომდინარე, რომ პედაგოგის ხელფასი სწორედ მიბმული ხდება სქემაში მის სტატუსთან…


თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ სამინისტრომ დღემდე ვერ უზრუნველყო სპორტისა და მუსიკის მასწავლებლებისთვის ასეთი საგნობრივი გამოცდის ჩაბარება, ადვილი წარმოსადგენია, რომ ამ საგნითვის ასეთი გამოცდა უახლოესი 5-6 წლის განმავლობაში არ იქნება შესაძლებელი…
აქვე, საგნის სწავლებისთვის აუცილებელი შესაბამისი სახელმძღვანელოსა და საგნობრივი სტანდარტის შექმნა, რაც დამატებით სახსრების მოპოვებას საჭიროებს და რადგანაც ეს დაუგეგმავი და სპონტანური გადაწყვეტილებაა, ბიუჯეტში რომელიმე დაგეგმილი მუხლის სეკვესტრის ხარჯზე უნდა განხორციელდეს, რაც აუცილებლად დააზარალებს მას…


თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ, როგორც ზემოთ მოგახსენეთ, აღნიშნული საგნის მიზნები სადამრიგებლო პროგრამით გათვალისწინებული მიზნების დუბლირებაა, მაშინ ადვილი მისახვედრია, რომ გაწეული ხარჯებიც არარაციონალური და ფუჭია…


-ცნობილია, რომ ამ საგნის ავკარგიანობა, ჯერ-ჯერობით, მხოლოდ რეგიონებში შემოწმდება და თბილისის სკოლებში 2017 წლიდან შემოიღებენ. რატომ დაიგეგმა ასე?
- რაც შეეხება საგნის პილოტირებას, ესეც უაზროდაა გადაწყვეტილი… თუ მართლაც ასეა, რომ ჯერ მხოლოდ რეგიონებში განხორციელდება და შემდეგ თბილისის სკოლებში, ესეც უაზრობაა. პილოტირების არსი ზუსტად იმას გულისხმობს, რომ შეირჩეს ერთი ტიპის მახასიათებლების მიხედვით სკოლების სასრული რაოდენობა და წარმოშობილი პრობლემები გათვალისწინებულ იქნას განზოგადებულად… აღნიშნული ფორმით პილოტირება არცერთ საგანმანათლელო მიზანს არ ემსახურება და, ვერც ერთი და ვერც ასი წლის შემდეგ, ამ ფორმით ვერ დადებს შედეგს, რომელიც შეძლება გამოყენებული იყოს საგანმანათლებლო მიზნების პრობლემების აღმოსაფხვრელად…


 კიდევ შეიძლება პრობლემების ნუსხის გაგრძელება, თუმცა ჩამოთვლილიც საკმარისია იმისთვის, რომ საზოგადოებისთვის ნათელი გახდეს, ერთი კაცის გაუაზრებელი ახირების გამო, როგორ შეიძლება მთლიანად სისტემა დააყენონ პრობლემის წინაშე, რომელთა გამოსწორება კიდევ უფრო დიდ პრობლემად შემოუბრუნდება საზოგადოებას.


- თქვენი აზრით, რა სისტემით მუშაობს დღეს ქართული განათლების სისტემა, ის ანტიქართულია თუ ჯანსაღი მომავალი თაობის აღზრდას ემსახურება?
-რაც შეეხება საგანმანათლებლო სისტემის მუშაობას, დღეს ის აბსოლუტურად უსისტემოა. არ არსებობს განსახორციელებელი ქმედებების დაგეგმვისა თუ ჩასატარებელი ღონისძიებების მოსალოდნელი შედეგების განსაზღვრის პოლიტიკა. ასეთი უსისტემობა შედეგად გვაძლევს მოშლილ საგანმანათლებლო პროცესს, რაც საბოლოოდ პირდაპირპროპორციულად აისახება განათლების ხარისხზე და მოგვცემს ახალგაზრდებში განათლების დეფიციტს. ვფიქრობ, ეს მიზანმიმართული ანტიეროვნული ქმედებაა და არსებული პოლიტიკური ფონი კიდევ უფრო მიმყარებს ეჭვებს. განათლებაში სახელმწიფოს პოლიტიკა გზაკვალარეულია და ის ფუნდამენტურად  პრინციპულ, ჯანსაღ, ქვეყნის ინტერესების დამცველ მოქალაქეს ვერ აღზრდის.

                                               ესაუბრა ია ჯღარკავა

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: