ნანა ჩაჩუა: ხელისუფლება ვალდებულია, საზოგადოებას საფრთხისა და სასოწარკვეთის განცდა გაუნელოს!
"ივერიონს"ქვეყანაში არსებულ ურთულეს სოციალურ პრობლემებზე და მისი შერბილების აუცილებელ ღონისძიებებზე ესაუბრება ცნობილი ფსიქოლოგი ნანა ჩაჩუა
-ქალბატონო ნანა, ჩვენს ქვეყანაში არსებული ვითარებიდან გამომდინარე, რას განიცდის ერი, ზოგადად, ადამიანი, როცა საარსებო გარემო დღითიდღე უარესდება. რჩება თუ არა მას დრო სახელმწიფოებრივი, სულიერი თუ სხვა ღირებულებების განსავითარებლად?
-რაიმე მოვლენაში არსებობს მიზეზშედეგობრივი კავშირები, რომელიც, ზოგჯერ, ჩვენგან დამოუკიდებლად ხდება და ვერ ვერევით. ასეთი მოვლენა უნდა მიიღო, როგორც რეალობა.
ზოგიერთი ეკონომიკური სირთულე, რომელიც დღეს საქართველოშია, შეიძლება ითქვას, ხელისუფლებისგან დამოუკიდებლად მიმდინარეობს, მაგრამ, თუ სახელისუფლებო ვექტორი ამ სიძნელეების აღმოფხვრისკენაა მიმართული, მოქალაქეს საფრთხისა დ სასოწარკვეთის განცდა უნელდება.
ჩვენს შემთხვევაში, რასაც ადამიანები ყველაზე მეტად განიცდიან, მაღალჩინოსანთა მიერ საკუთარი თავისთვის გამოწერილი პრემიებია, რომლებიც , პირდაპირ, იჩუქეს, თავს კი იმით "იმართლებენ", რომ ეს კორუფციაში ჩაუბმელობის წინაპირობაა. ჩემი, როგორც ფსიქოლოგის, აზრით, ეს ადამიანური კანონზომიერების უგულებელყოფაა! აგრეთვე, ამით ისიც თქმულია, როგორი ხელისუფლება გვყავს, თუმცა შოთა რუსთაველის ქვეყანაში ასეთი გამონათქვამიც გვაქვს: "იგი წავა და სხვა მოვა..." ასე რომ, სოციალური სამართლიანობის საკითხი ერთადერთი საკითხია, რომელიც დღეს დგას კაცობრიობის წინაშე და, მათ შორის, ძალიან პრობლემურია საქართველოში.
-როგორ შეაფასებთ დღევანელი განათლების სისტემის ეფექტურობას. რა აზრის ხართ სასკოლო საგნების "ტოლერანტობისა" და "მე და საზოგადოების" შესახებ. ამ უკანასკნელს კი საფრთხისშემცველ საგანს უწოდებენ განათლების ექსპერტები და პედაგოგები...
-დღევანდელი განათლების ხარისხი და პრინციპები აბსოლუტურად მიუღებელი, ანტიჰუმანური და ... ყოველმხრივ ანტია! სახელმძღვანელოები ისეა შედგენილი, რომ ვერ ისწავლო, მაგალითად, ასეთია საბუნებისმეტყველო სახელმძღვანელოები. მათში დარღვეულია სვლა მარტივიდან რთულისკენ... შეიძლება იაკობ გოგებაშვილის "ვანო ქალაქში" არ შეიტანონ სახელმძღვანელოში, მაგრამ თანამედროვე, ოღონდ ღირებულით, ხომ შეიძლება შეცვალონ?
სწავლისადმი განწყობაც ხელოვნურადაა ჩაკლული- სხვადასხვა სკოლაში სხვადასხვა დროს იწყება სწავლა, სხვადასხვა სკოლაში სხვადასხვა სახელმძღვანელოთი ასწავლიან და ა.შ.
თქვენს მიერ ზემოთ ნახსენები არცერთი საგანი არ სჭირდება დღევანდელ სკოლებს. ასწავლონ ბალადა "ვეფხისა და მოყმისა" და იქაა ტოლერანტობა, ასწავლონ ილია ჭავჭავაძე და იქ იპოვიან "მე და საზოგადოებას". სხვა მხრივ, ამ საგნების სწავლება წყლის ნაყვაა, რადგან იქ ჩაწერილი დებულებებით ადამიანს საზოგადოებრივ ტიპად ვერ გადააქცევ.
ესაუბრა ია ჯღარკავა