ალექსანდრე ვერშბოუ: ნემცოვი უკრაინის მოვლენებს შეეწირა
ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე, ალექსანდრე ვერშბოუ აცხადებს, რომ რუსი პოლიტიკოსის, ბორის ნემცოვის მკვლელობა უკრაინის მოვლენებს უკავშირდება, როგორც ვერშბოუმ განაცხადა, ნემცოვი უკრაინის კონფლიქტში მოსკოვის სამხედრო ჩარევის მოწინააღმდეგე იყო.
ვერშბოუ აღნიშნავს, რომ ნემცოვის მკვლელობამ ცხადყო, რომ რუსულ საზოგადოებაში "უკრაინაში რუსულ ინტერვენციას" სულ უფრო ნაკლები მოწინააღმდეგე ჰყავს.
"პრეზიდენტ პუტინის მიზანია უკრაინის დასუსტება და რუსეთში ალტერნატიული აზრის ჩახშობა, რათა არ დაუშვას რუსული მაიდანი. გასულ პარასკევს ბორის ნემცოვის სასტიკი მკვლელობის შემდეგ ჩვენ ვხედავთ, რომ ამ კონფლიქტს მხოლოდ უკრაინის აღმოსავლეთში არ ეწირებიან. მიუხედავად იმისა, რომ არ ვიცით ვინ დააჭირა სასხლეტს, ჩვენ კარგად გვესმის, რომ ბორის ნემცოვი იყო დემოკრატიის დამცველი და უკრაინაში რუსეთის ჩარევის მოწინააღდეგე - შესაბამისად ის აღმოჩნდა იმ პირთა შორის, რომლებსაც ოფიციალური რუსული პროპაგანდა "მოღალატეებს" და "მეხუთე კოლონას" უწოდებს", - განაცხადა ვერშბოუმ.
ნატოს გენერალური მდივნის მოადგილის თქმით, რუსეთის ხელისუფლებისათვის სულ უფრო რთული ხდება მოსახლეობას დაუმალოს რუსი სამხედროების მასშტაბური დაღუპვის ფაქტები.
აღსანიშნავია, რომ ნემცოვის მკვლელობის ანალოგიურ მიზეზებზე პრეზიდენტმა ობამაც მიანიშნა.
"ეს შემზარავი ფაქტი კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმ პოლიტიკურ კლიმატზე, რაც რუსეთშია. ამ ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოება, ჟურნალისტები და ინტერნეტსივრცეში აქტიური ადამიანები მუქარის ქვეშ ცხოვრობენ. მე არ ვიცი, რა მოხდა ზუსტად, თუმცა, ერთი რამის თქმა ნამდვილად შემიძლია - შეკრებისა და აზრის გამოხატვის თავისუფლება და სამოქალაქო სამართალი რუსეთში იმაზე ცუდ მდგომარეობაშია, ვიდრე ეს თუნდაც 5 ან 10 წლის წინ იყო",-აცხადებს ობამა.
შეგახსენებთ, ბორის ნემცოვი მოსკოვის ცენტრში, კრემლის კედლებთან, 27 თებერვალს მოკლეს. პოლიტიკოსს 6 ტყვია ესროლეს, მათ შორის 4 მისთვის სასიკვდილო აღმოჩნდა.