დათო ფერაძე: მაინც ვერ დავადგინე, რატომ მებრძვის თამარ სანიკიძე

დათო ფერაძე: მაინც ვერ დავადგინე, რატომ მებრძვის თამარ სანიკიძე

„ივერიონს“ ესაუბრება თბილისის 116-ე საჯარო სკოლის პედაგოგი, პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრის ხელმძღვანელი დავით ფერაძე.

 

პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრმა გაავრცელა განცხადება, რომ განათლების მინისტრის მხრიდან თქვენზე ზეწოლის მორიგი ეტაპი დაიწყო. კონკრეტულად რა იგულისხმება ამაში?!

 

უკვე მარაზმამდეა ეს დევნა მისული - მინისტრმა სანიკიძემ საერთოდ დაკარგა საღი აზროვნების უნარი.  მე ადრეც ვსაუბრობდი, ვამხელდი მის დამღუპველ მენეჯმენტს. სანიკიძე უკვე გაკოტრებული და საქვეყნოდ თავმოჭრილი რომ არის, არც ესაა სიახლე და ამას რამდენი თვეა ვამბობ.

 

უბრალოდ, რაც დრო გადის, მით უფრო თავლაფდასხმული ხდება ეს ადამიანი და მათ შორის თავისსავე უწყებაში,  აღარაფერს ვამბობ პედაგოგებზე, რომლებშიც ის  მხოლოდ ზიზღის ასოციაციას იწვევს. არ ვიცი, ხვდება თუ არა, არ ვიცი, აწუხებს თუ არა ავტორიტეტის ასეთი რეგრესი, მაგრამ, სიმართლე გითხრათ, მე პირადად არ მსიამოვნებს და, როგორც პიროვნება საამისოდ მაინც მებრალება.

 

მებრალება იმის გამო, რომ გაბოროტებულია, იმის, გამო რომ ვერ მოინელა - ჩემი გასრესვა აქამდე რომ ვერ მოახერხა. მებრალება განათლების სისტემაც, რადგან სანიკიძის საქმიანობის ძირითადი დრო ჩემ წინააღმდეგ არის მიმართული... 

 

პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრის განცხადებაში წერია, რომ მინისტრი მთელი ბიუროკრატიული აპარატის გამოყენებას ცდილობს თქვენს წინააღმდეგ და ნებსით თუ უნებლიეთ სამინისტროს სხვა ჩინოსნებიც ერთვებიან ამაში, რაში გამოიხატება ეს?

 

გავიმეორებ, რომ სანიკიძისადმი უკმაყოფილება თავად სამინისტროშივე ნელ-ნელა პიკს უახლოვდება! განსაკუთრებით მათი, ვისაც ფინანსურად არ წყალობს „თამარ ქალი“. მაგრამ არიან კმაყოფილებიც, რომლებიც  საკუთარი წარსული თუ ახლანდელი საქმინობის გამო არიან „დავერბოვკებული“. ზოგიერთ მათგანს, ალბათ, სიბინძურის გარეშე არ შეუძლიათ ცხოვრება. ასეთია სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის თანამშრომელთა ნაწილი და რაღა თქმა უნდა ამ უწყების უფროსი ალექსანდრე ონოფრიშვილი.

 

ადრეც არაერთხელ ვთქვი, რომ ონოფრიშვილი კეზერაშვილთან მაღალ თაბნმადებობაზე იმყოფებოდა. როგორც ჩანს, მაშინდელი სიბინძურეები დახვეწა და ახლაც არ ეშვება. ისიც უნდა ითქვას, რომ ჩემი ინფორმაციით  ეს ბატონი შევარდნაძისდროინდელი უშიშროების სამსახურის თანამშრომელიც იყო. ონფორიშვილს პრემიებით და დანამატებით ხომ წყალობს სანიკიძე. ამის გარდა  „ქარვასლაში“ მოწილეც გახლვათ და ფეშენებელური სასახლის მფლობელიც კავთისხევში.

 

თქვენ კონკრეტულ შემთხვევაში როგორ იყენებს სანიკიძე ონოფრიშვილს?

 

მინისტრს არ აქვს სამართლერბრივი ბერკეტი პედაგჰოგზე ზემოქმედების. ისე, კარგი იქნებოდა, ამ კოზირს დანარჩენი პედაგოგებიც რომ იყენებდნენ. როდესაც პარლამენტში ინიციატივით შევიდნენ, რომ მინისტრს მისცემოდა უფლება ერთპიროვნულად შეეწყვიტა პედაგოგისთვის უფლებამოსილება,  ამ ინციატივის „შთაგონების წყარო“ მე ვიყავი, მაგრამ, საბედნიეროდ ჩავუგდეთ. მერე ახალი სანქციები დააკანონა. ვერც ეს გამოიყენა ჩემს წინააღმდეგ. ამიტომ, დარჩა ერთადერთი - მანიპილურება  დირექტორით.

 

როგორ?

 

ამჟამინდელი დირექტორით ვერ მანიპულირებს, სწორედ ამიტომ უნდა მისი გათავისუფლება, მაგრამ ვერ მოიფიქრა მექანიზმი, როგორ გაუშვას!

ჯერ იყო და დირექტორთა არჩევნების დროს დაბლოკა, მაგრამ სასამართლომ მინისტრს აუკრძალა ახალი დირექტორის დანიშვნა. მერე იფიქრეს, იფიქრეს და შეთითხნეს ყალბი წერილი, არარსებული პიროვნების ხელმოწერით, რომელიც თითქოსდა 116-ე საჯარო სკოლის ფინანსურ მონიტორინგს ითხოვდა. ამ და სხვა სიყალბის გამო დირექტორმა ონოფრიშვილის უწყებასთან თანამშრომლობაზე უარი თქვა. ახლა ადგნენ და წერილობითი გაფრთხილება მისცეს და დაავალეს ონოფრიშვილთან თანამშრომლობა. თუ გაფრთხილებას არ გაითვალისწინებს მინისტრი, გამოიყენებს მისი თანამდებობიდან გათავისუფლების უფლებას.

 

და რას აპირებს?

 

როგორც ვიცი, სკოლის დირექტორი ამ გაფრთხილების სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს. ამის გარდა, სკოლაში არის მზადყოფნა რომ სანიკიძის ძალისმიერ მეთოდს უპასუხონ დაუმორჩილებლობით!

 

საინტერესოა რა ძალისმიერი მეთოდი იგულისხმება სანიკიძის მხრიდან?

 

სანიკიძე სამართლებრივად ჩემთანაც და 116-ე სკოლის დირექტორთანაც ტყუის. ასევე ტყუის ადამიანურად, პროფესინალიზმის კუთხით დილეტანტია, ავტორიტეტი საერთოდ არა აქვს.

 

შესაბამისად, ისღა დარჩენია, მიმართოს უკანონო და ძალისმიერ მეთოდს. ანუ პირდაპირ დაწეროს მოქმედი დირექტორის გათავისუფლების ბრძანება - აი ესაა ძალისმიერი მეთოდი. წესით, თუ ოდნავი აზროვნება შერჩა მას, ან მის დამქაშებს, ასეთ სისულელეზე არ უნდა წავიდეს, მაგრამ, როგორც ვთქვი, ისეა გაბოროტებული ჩემზე. საღ აზროვნებას ნელ-ნელა კარგავს!

 

116-ე სკოლა სწორედ ასეთი ძალისმიერი მეთოდის დაუმორჩილებლობისთვის არის მზად. სანიკიძესთან კონფრონტაციაში საკმაო გამოცდილება შევიძინეთ და ვიცით, ისიც, რომ ამ ადამიანს არ შესწევს მდგომარეობის განმუხტვის უნარი, პიროვნული ამბიცია მას აიძულებს კონფრონტაციას უფრო მეტი სირთულე მიანიჭოს.

 

დავუშვათ და გამოიყენა ძალისმიერი მეთოდი...

 

ეს ნიშნავს იმას, რომ მას სამინისტროში კი არა, ქვეყანაში აღარ დაედგომება. ამიტომ, გარკვეულწილად მინდა კიდეც, რომ მან ასეთი ავანტიურა აირჩიოს. ამით მაინც მოშორდება ჩვენ სისტემას.

 

მაინც რა გაძლევთ იმის თქმის საფუძველს, რომ სანიკიძე თქვენ წინააღმდეგ არის გადართული?

 

სიტუაციის ანალიზიც და ფაქტებიც მაქვს, მე არ მინდა ამ ფაქტებზე საჯაროდ საუბრები, მაგრამ ვიცი ვის იბარებს, ვის ხვდება, ვისთან თათბირობს სანიკიძე, რომ როგორმე მომაშოროს განატლების სისტემას. ახლა, თქვენ რომ ჰკითხოთ, გეტყვიან - რა შუაშია ფერაძეო.

 

სხვათაშორის, ალექსანდრე ონოფრიშვილის მიერ დიმიტრი მეჭურჭლიშვილისთვის გაგზავნილ წერილში, აცხადებს, რომ ვითომც ჩემი აქტივობა არათუ კავშირში არაა მეჭურჭლიშვილის საქმესთან, არამედ, წარმოდგენაც არა აქვს ჩემს აქტივობაზე. ვინმეს სჯერა ახლა ამ სისულელის?  

 

ძალიან, ძალიან უნდა სანიკიძეს, რომ მისი ჩემდამი ბრძოლა მიიჩქმალოს, რომ ვითომ აინუნშიც არ მაგდებს, ვითომც არც კი მიცნობს, მაგრამ არ გამოსდის. ასეც რომ იყოს და არ მიცნობდეს, ეს უფრო ამძიმებს მისი დილეტანტიზმის დონეს. მაგრამ ჩემი და სანიკიძის კონფრონტაციაზე ხომ  იცის ყველამ და უკვე იციან საზღვარგარეთელმა კოლეგებმაც კი. ძალიან უნდა სანიკიძეს, რომ არ არსებობდეს ბუნებაში მინისტრისა და პედაგოგის კონფლიქტის მოვლენა, მაგრამ, ეს მისი ბრალია. მან ვერ მომინელა 2012 წლის მერე...

 

მაშინ რა მოხდა?

 

თანამშრომლობას ვთავაზობდით, უფრო სწორად 150 კაციანი პსც სთავაზობდა თანამშრომლობას, მერე მოახერხეს ამ ხალხის გაჩუმება. ეს შეთავაზებაც ვერ აიტანა. როგორ, ვიღაც რიგითმა პედაგოგმა რა უნდა მირჩიოსო - ასეთი დამოკიდებულება ჰქონდა. ეროვნულ ბიბლიოთეკაში პედაგოგებთან შეხვედრაზე მეუბნება, თქვენ რატომ ლაპარაკობთ პედაგოგების სახელითო! აი, მაშინ მივხვდი, რა პრობლემატური და ამბიციური ადამიანი იდგა ჩემს წინაშე და მეც ვუპასუხე:  როგორ, მე პედაგოგს არ მაქვს უფლება პედაგოგების სახელით ლაპარაკის და თქვენ  - ბუღალტერს განათლების მინისტრობის უფლება გაქვთ მეთქი. ამ კამათს ესწრებოდა მედია და პრეზიდენტობის მაშინდელი კანდიდატი მარგველაშვილი. ამის მერე გაცოფებული დადიოდა სანიკიძე და ფერაძე მომაშორეთო -ყოველდღე იძახდა. მაგრამ მაშინ მარგველაშვილმა შეაჩერა  - არ დაგავიწყდეს, რომ ხელისუფლებაში ხარ და თმენის ვალდებულება გაქვსო. თუ ფერაძეს გავუშვებთ, მაშინ, „ნაცების“  ხელისუფლებაზე უკეთესი როგორ ვართო. მაგრამ, თუ თმენის ვალდებულებას ვერ იტვირთება. თუნდაც ესაა ერთ-ერთი მიზეზი, დანარჩენ უამრავთან ერთად, რომლის გამოც არამც და არამც არ შეიძლება ამ ადამიანის მინისტრობა.

 

კი მაგრამ, მინისტრობის უფლება არ გაქვთო გითქვამთ. მერე პარლამენტთან შეძახილებით დახვდით - სულ აკრიტიკებთ, სამინისტროსთან აქციებს უწყობდით.  სოციალური ქსელებით კლიპიც კი გავრცელდა სახელწოდებით - „სანიკიძე გადადექი“ , ეს ადვილი მოსათმენია?

 

თანამდებობის პირია და მინისტრობის სავარძელი რომ შეიფერა და მოირგო, მაშინ კრიტიკის მოთმენაც უნდა იცოდეს. უსამართლოებს, უვიცებს, უწიგნურებს. ამბიციურებს არ აქვთ თმენა... თუმცა ახლა საქმე კრიტიკაზე შორს წავიდა: საქართველოს დიდ ხანს დაჭირდება იმ ლაქის ჩამორეცხვა, რაც თამარ სანიკიძის მინისტრობით ასე სამარცხვინოდ დაგვემჩნა!

 

თქვენ თავად წარმოიდგინეთ: ორი წელია მინისტრი და მისი სახელისუფლებო რესურსი ერთ პედაგოგს ებრძვის და რისთვის: იმისთვის, რომ სამართლიანობას ითხოვს ეს პედაგოგი, იმისთვის, რომ ამხელს სანიკიძის ხროვის ნეპოტიზმს, გარიგებებს და რაც მთავარია,  იმისთვის, რომ ითხოვს ნორმალურ ანაზღაურებას მასწავლებლებისთვის. დარწმუნებული იყავით, რომ ეს ამბავი ძალიან დიდხანს იქნება სამომავლო განსჯის საგანიც.

 

ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ 116-ე საჯარო სკოლის დირექტორი და სანიკიძე ერთმანეთს შეხვდნენ. რაზე ისაუბრეს?

 

მე ამ შეხვედრის მომხრე პოზიტივის მომლოდინე მაინცდამაინც არ ვიყავი... სანიკიძე პირადად არცერთ დირექტორს არ შეხვედრია და მეჭურჭლიშვილთან შეხვედრის ფაქტი, უკვე რაღაც ეჭვებს ბადებდა. არ ვიცი, შეხვედრის დეტალები, იმიტომ, რომ იმის მერე მეჭურჭლიშვილი სულ რაღაც საქმითაა დაკავებული და ვერ ვნახე სასაუბრო დრო, მაგრამ, თუ ლოგიკას მოვუხმობთ, გამოდის ის, რომ ამ შეხვედრამ კიდევ უფრო გააცეცხლა ქალბატონი სანიკიძე. ჯერ ერთი იმიტომ, რომ მეჭურჭლიშვილმა ძალაუნებურად თავისი ინტელექტუალობითა და აზროვნების ხარისხით დაჩრდილავდა სანიკიძეს, და მეორეც, როგორც ჩანს, მეჭურჭლიშვილი ჩემ წინააღმდეგ გარიგებაზე არ წავიდა. ვიმეორებ, ეს მხოლოდ ვარაუდია და შემდეგ მომხდარი მოვლენებით ვვარაუდობ ასე. სწორედ ამ შეხვედრის მერე ფეხდაფეხ მოაყოლა მეჭურჭლიშვილს ზემოხსენებული წერილობითი სანქცია.

 

ცოტა  დაუჯერებელია, რომ დირექტორს შეხვედრის დეტალებზე არ ესაუბრა თქვენთან...

 

არა, დროის უქონლობის გამო ვერ მოხერხდა დეტალური საუბარი, თორემ დაახლოებით ვიცი, რაც მოხდა. ისე, დიდად არც მაინტერესებს, რადგან ნამდვილად ვიცი, რომ სანიკიძისგან სიკეთე არ იქნება და...  თუმცა,  ამის შესახებ სჯობს, თავად მეჭურჭლიშვილს კითხოთ.

 

ამბობთ, რომ მასწავლებელს აქვს არაადეკვატური ანაზღაურება და უდავოდ ასეცაა. ასეთ პირობებში გიღირთ ეს ბრძოლა? ეს ყველაფერი ხომ მაინც ნერვულ დაძაბულობასთან, სტრესთან არის დაკავშირებული?

 

რა თქმა უნდა ასეა, მაგრამ არის ცხოვრებისეული პრინციპი. თუ იბრძვი, უნდა იბრძოლო. რა ვქნა, თვალები დავხუჭო? წყალი ჩავიგუბო პირში? ბრძოლა მაშინაც საჭიროა, თუნდაც ჰორიზონტზე არ ჩანდეს დასასრული. ჯერ შაშკინმა და მერე სანიკიძემ ყველა სკოლა გადართეს დაძაბულ რეჟიმში.  116-ე სკოლაში თითქმის ყოველდღე სტრესული სიტუაციაა. ყოველ კვირას სამინისტროს შემოთავაზებული სიურპრიზით ვიწყებთ. მქონდა მინიშნებები პირად ფიზიკურ ანგარიშსწორებაზეც, შავი პიარის აგორების შესაძლებლობაზეც, მაგრამ ვიცი, რომ ამას ვერ გაბედავენ, თუმცა, რომც გაბედონ, მოტივაციისთვის უფრო გამომადგება.

 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: