რატომ გვემუქრებიან მატრიარქატით?! ანუ გამოასწორებენ თუ არა კაცების გაფუჭებულ საქმეს ქალები?

რატომ გვემუქრებიან მატრიარქატით?! ანუ გამოასწორებენ თუ არა კაცების გაფუჭებულ საქმეს ქალები?

ამ რამდენიმე თვის წინ ცნობილმა იურისტმა, უფლებადამცველმა ლია მუხაშავრიამ „ივერიონის“ პრესკლუბში სტუმრობისას საკმაოდ კატეგორიული განცხადება გააკეთა - დადგა დრო, კაცების გაფუჭებული საქმე ქალებმა გამოვასწოროთო!

ბრიფინგი სწორედ ასეთი სათაურით გაშუქდა, რასაც მკითხველთა არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა - ქალები, რა თქმა უნდა, იზიარებდნენ უფლებადამცველის პოზიციას და ამტკიცებდნენ, რომ მართლაც დადგა დრო მართვის სადავეები მშვენიერი სქესის წარმომადგენლებმა აიღონ და მამაკაცები ჩააჩოჩონ!

ბუნებრივია, განსხვავებული იყო მამაკაცების პოზიცია - ისინი ამ ინიციატივაში რეალურს ვერ ხედავდნენ და ირონიით აღნიშნავდნენ, რომ ქართველი ქალის ადგილი არა აქტიურ პოლიტიკაში, არამედ „კუხნაშია“ (ზოგიც ივანიშვილის ანეგდოტს იხსენებდა და „ბუტკაში“ ეპატიჟებოდა!).

 



ქალების როლის გააქტიურებასა და მათი პოლიტიკაში მასობრივად ჩართვაზე საუბარმა ამ ბოლო ხანებში წინა პლანზე წამოიწია.

სოციალურ ქსელში ჟურნალისტ ნინო კვაჭანტირაძის სარვამარტო ხუმრობას, რომ პარლამენტი ძირითადად ქალებით უნდა დაკომპლექტდეს და გენდერული თანასწორობა პოლიტიკაშიც უნდა იქნას დაცული, ძალიან ბევრი მხარდამჭერი გამოუჩნდა. ზოგიერთი იმასაც ამტკიცებს, რომ, რადგან ტრადიცია დაირღვა და ოჯახის გაძღოლის (ფინანსურად უზრუნველყოფის) ფუნქცია საკუთარ თავზე ძირითადად ქალებმა აიღეს, დროა ეს ტენდენცია პოლიტიკაშიც და სახელმწიფოს მართვაშიც გადავიტანოთ და შედეგი აუცილებლად უკეთესი იქნება!

რეალობას ვერსად გავექცევით - დღეს მამაკაცთა უდიდესი ნაწილი საკუთარი პროფესიული და ცხოვრებისული გამოცდილების არარელიზების გამო უფუნქციოდ (უმუშევარი) დარჩა და განსაცდელში დარჩენილი ოჯახების ეკონომიკური უზრუნველყოფა ქალებმა იტვირთეს. მათ მეტად აღმოაჩნდათ რეალობასთან ადაპტირების უნარი, რამაც ოჯახში როლების შეცვლასაც შეუწყო ხელი - ქალი გახდა რა ფინანსურად დამოუკიდებელი, ოჯახის მართვის ფუნქციაც თვითონ შეითავსა. ტრადიციულად დამკვიდრებული როლების ხელოვნურმა ცვლილებებმა კი უკუშედეგი გამოიღო: ქართველი მამაკაცი, რომელიც ოჯახის უფროსად თვლიდა თავს და თვითონ ქმნიდა „საოჯახო პოლიტიკას“, თამაშგარე (უმწეო) მდგომარეობაში აღმოჩნდა. დაკნინდა მისი როლი და ადგილი ოჯახურ ცხოვრებაში და დედაკაცზე (მეუღლეზე) დამოკიდებელი გახდა!...

ცხადია, ეს „ფსიქოლოგიური რევოლუცია“ ბევრისთვის ძნელად ასატანი და შესაგუებელი აღმოჩნდა, რამაც ხელი შეუწყო ქართული ტრადიციული ოჯახების დასუსტებას, უმეტეს შემთხვევაში ოჯახების ნგრევასაც კი.

ოფიციალური სტატისტიკით (თუმცა, არაოფიციალური გაცილებით მეტია) ამ ბოლო ოცი წლის მანძილზე კატასტროფულად იმატა განქორწინებების რიცხვმა - „ინტერესთა შეუთავსებლობის“ მოტივით 15-20-25 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ ადვილად ინგრევა ოჯახები. ნიშანდობლივია ისიც, რომ ქალებმა იგრძნეს რა საკუთარი უპირატესობა, ცდილობენ მოიპოვონ „მაქსიმალური“ თავისუფლება, რაშიც მეუღლეები უშლიან ხელს. აქედან გამომდინარე, სტატისტიკურად განქორწინების ინიციატივა უმეტესწილად სწორედ ქალებისგან მოდის!..

ართული ოჯახის დასუსტებას და ოჯახში მამაკაცის როლის დაკნინებას ხელს უწყობს „საშოვარზე“ გასული (წასული) ქალების პრობლემაც, რაც, თავის მხრივ, გაუცხოების წინაპირობაცაა. მთელი უბედურება ის არის, რომ ამ შემთხვევაში ოჯახი რჩება ქალის, ხოლო შვილები მზრუნველი დედის გარეშე. უცხო ქვეყანაში დაგროვილი გროშები კი ნამდვილად არ არის ის კომპენსაცია, რომელიც დედის სითბოს და მზრუნველობას შეავსებს!

დასკვნა მარტივია: მიზანმიმართულმა პოლიტიკამ, რომელმაც უმუშევრობის კატასტროფულად ზრდას შეუწყო ხელი, ლიბო შეურყია ოჯახის ინსტიტუტს და ერი სერიოზული დილემის წინაშე დააყენა!..

ახლა ისევ ქალების პოლიტიკაში მასობრივად შემოსვლას დავუბრუნდეთ. მართალია, „ლეკვი ლომისა სწორია“, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, ქალს იმაზე მეტი ტვირთი ავკიდოთ, რისი ტარებაც მას შეუძლია. აქ არა მარტო ფიზიკური, არამედ ფსიქოლოგიურ-ინტელექტუალური შესაძლებლობებიც იგულისხმება! გასათვალისწინებელია ისიც, რომ საქართველოში სახელმწიფოს მართვის სადავეები ტრადიციულად მამაკაცებს ეჭირათ. ერთადერთი გამონაკლისია მეფე თამარი, რომელიც ეპოქამ შექმნა და რომელსაც მიმდევრები სამწუხაროდ შემდგომში არ ჰყოლია!..

ძნელია იმის თქმა, როდის იფეთქებს თამარის გენი და როდის მოხდება სახელმწიფო სადავეების ბუნებრივი ჩანაცვლება, მაგრამ, დღეს ამის ნიშანწყალი რომ არ ჩანს, ცხადია. კომუნისტური ეპოქიდან მოყოლებული ქართველი ქალი ყოველთვის იდგა უმაღლეს იერარქიულ კიბეზე (ცკ-ის მდივნები, მინისტრები, საქალაქო და რაიკომის მდივნები), მაგრამ მართვის განსაკუთრებული ნიჭი არც მაშინ და არც დამოუკიდებელ საქართველოში არ გამოუჩენიათ. ცოცხალი მაგალითია ნინო ბურჯანაძე, რომელსაც ჰქონდა შანსი გარდატეხა შეეტანა ქართულ პოლიტიკაში (ორჯერ იყო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი), მაგრამ მან ეს შანსი ვერ გამოიყენა - ან რესურსი არ ეყო, ან ვერ გარისკა. მარგარეტ ტეტჩერობა კი რისკის გარეშე არ მოდის!

ქალები დღესაც საკმაოდ არიან ქვეყნის საკანონმდებლო და აღმასრულებელ სტრუქტურებში, მაგრამ ისინი არსებით გავლენას ვერ ახდენენ პოლიტიკაზე - მათი ძალისხმევა უფრო საკუთარი ამბიციების დაკმაყოფილების მცდელობაა!..

არა მგონია, პოლიტიკაში ე.წ. გენდერული თანასწორობის დაცვამ ძირეული გარდატეხა შეიტანოს არსებულ რეალობაში, მითუმეტეს, მართვის ბერკეტების ქალებზე ნებაყოფლობით გადაცემამ და მამაკაცების პოლიტიკიდან ჩამოშორებამ უშველოს საქართველოს! თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, ქალები არ იყონ პოლიტიკაში, ან სახელისუფლო იერარქიის საშუალო და მაღალ საფეხურებზე...

საქართველოს პრობლემა არა ზოგადად ქალი ან მამაკაცი პოლიტიკოსის (როგორც სქესის) უპირატესობაშია, არამედ სახელმწიფოებრივი ნებისა და აზროვნების დეფიციტში, რომლის შევსებაზე სამწუხაროდ არავინ ფიქრობს!

დამისახელეთ დღევანდელი რომელიმე ქალი პოლიტიკოსი ან აღმასრულებელი ინსტიტუციის ხელმძღვანელი, განსაკუთრებული ინტელექტით და ასევე მართვის განსაკუთრებული უნარით იყოს დაჯილდოებული. სამწუხაროდ, ასეთებს ვერც დღევანდელ ოპოზიციაში ვიპოვით. აბა ცარიელი ამბიციებით ქვეყანა ვერ აშენდება!...

თუ ქართველ ერში თამარის გენმა გაიღვიძა და ქართველმა ქალებმა სახელმწიფოს მართვის უკეთესი ფორმა და სისტემა შემოგვთავაზეს, ლიდერობაც დამითმია!

P.S. ისე არავინ გაიგოს, მე ქალების პოლიტიკაში და, ზოგადად, მათი სახელმწიფო ინსტიტუციებში დასაქმების წინააღმდეგი ვიყო. უბრალოდ, არ ვეთანხმები იმ პოზიციას, რომ მართვის სადავეები ქალებს გადავულოცოთ დ ე.წ. გენდერული თანასწორობის პრობლემა ამით გადავწყვიტოთ. თუ მათი ამბიციები ძალიან შორს წავიდა და მიიჩნევენ, რომ საქართველოს ხსნა ქალების პოლიტიკურ აქტიურობაშია, წარმოადგინონ ბატონო კრიზისიდან გამოსვლის რეალური პროგრამა და დაამტკიცონ, რომ მათ უკეთ შეუძლიათ დაინახონ სახელმწიფოს დასუსტების მიზეზები და ამ კრიზისიდან გამოსვლის რეცეპტებიც შემოგვთავაზონ!

აბა, ჟარგონებით ლაყბობა რომ შველოდეს, ამას არც კაცები აკლებენ!..

მეორეც, დინების საწინააღმდეგოდ სიარულს არასდროს მოუტანია ხეირი ქვეყნისთვის, ახლა რომ მოგვიტანოს. პატრიარქატის მატრიარქატით შეცვლის სიმძიმე ქართული ოჯახების ნგრევისა და დასუსტების მაგალითზე უკვე ვნახეთ. სახელმწიფო ხომ დიდი ოჯახია, რომელიც თავის მხრივ პატარ-პატარა ოჯახებისგან შედგება. ასე რომ, ექსპერიმენტის აქ გადმოტანა უადგილოც არის და უგუნურებაც!

ზაურ ნაჭყებია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: