უჩა ნანუაშვილი: ჩვენი მთავარი რეკომენდაცია დამოუკიდებელი საგამოძიებო კომისიის შექმნაა
სახალხო დამცველი ჟენევაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში წამების პრევენციის ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა. სახალხო დამცველმა საერთაშორისო ორგანიზაციის წევრებს ინფორმაცია მიაწოდა დახურულ დაწესებულებებში არსებული მდგომარეობის შესახებ და იმ ცვლილებებზე რომელიც პრევენციის ეროვნული მექანიზმის ეფექტური მუშაობის მიზნით განხორციელდა.
"საქართველოში წამების წინააღმდეგ არაერთი პოზიტიური ცვლილება განხორციელდა, ერთ-ერთი მთავარი ნაბიჯი წამების წინააღმდეგ ბრძოლის სამოქმედო გეგმის შემუშავებაა, რომლის მიღებაც უკვე დასკვნით ეტაპზეა, თუმცა კვლავ რჩება პრობლემები. ჩვენი მხრიდან 25 წინადადებაა პროკურატურის მისამართით სამართალდამცავების მხრიდან შესაძლო დანაშაულის შესახებ გამოძიების დასაწყებად გაგზავნილი, თუმცა, უმეტეს შემთხვევაში, შედეგი არაა ცნობილი. აქედან გამომდინარე, ჩვენი მთავარი რეკომენდაციაა დამოუკიდებელი საგამოძიებო კომისიის შექმნა და პრევენციის ეროვნული მექანიზმისთვის ფოტო-ვიდეო გადაღების უფლების მინიჭება, რომელიც არაერთ ევროპულ ქვეყანაში აპრობირებულია და წარმატებით გამოიყენება", – განაცხადა სახალხო დამცველმა.
ომბუდსმენმა წამების პრევენციის ასოციაციის წევრებს მიაწოდა ინფორმაცია პრევენციის ეროვნული მექანიზმის განახლებულ ექსპერტთა ჯგუფზე, რომელთა შერჩევაც კონკურსის წესით მოხდა და მათ ვალდებულებას დახურული დაწესებულების მონიტორინგი წარმოადგენს; გააცნო პრევენციის ეროვნული მექანიზმის მრჩეველთა საბჭოს მუშაობის პრინციპები და განხორციელებული მონიტორინგის შედეგები.