სოდ-ისა და კუდ-ის მაღალჩინოსნები დააკავეს
კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლევან ქარდავა, აგრეთვე გიორგი ყავლაშვილი და სოდ-ისა და კუდ-ის რამდენიმე სხვა მაღალჩინოსანი დაკითხვის შემდეგ დააკავეს.
ლევან ქარდავას ბრალი ორი მუხლით წაუყენეს. 143-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს და 333-ე მუხლით - უფლებამოსილების გადამეტება.
აქ საუბარია ბიძინა ივანიშვილის დაცვის წევრის ბესიკ სურმავას გატაცებასა და თავისუფლების უკანონო შეზღუდვაზე.
რაც შეეხება ყავლაშვილს. მას ბრალი ედება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით, რაც სხვისი ქონების განადგურებას გულისხმობს და დანაშაული 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. გარდა ამისა, მას ბრალი წარედგინა 333-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს და ასევე 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. საქმე ეხება "ქართუ ჯგუფის" კუთვნილი ტვირთის დაზიანებას ტერმინალზე.
ამ დროისთვის დაკავებულები წინასწარი დაკავების იზოლატორში არიან გადაყვანილი.
სოდ-ისა და კუდ-ის მაღალჩინოსნების დაკითხვა მთავარ პროკურატურაში გუშინ მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და დღეს გამთენიისას დასრულდა.
აღნიშნულთან დაკავშირებით პროკურატურას ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.