ცრუ განგაში, გადაჭარბებული მოლოდინი თუ რეალური საფრთხე?!
„რა ხდება თბილისში, რას ელოდებით ხვალ. 21 მარტს, შეძლებენ „ნაცები“ სიტუაციის არევას და სამოქალაქო დაპირისპირების გამოწვევას?“ - ეს კითხვები სეტყვასავით დამაყარა გამსახურდიას ხელისუფლების აქტიურმა მხარდამჭერმა, ამჟამად ემიგრაციაში მყოფმა მათე ციხესაშვილმა.
გარკვევით ვერაფერი ვუპასუხე, ან რა უნდა მეპასუხა: რომელი ვანგა, ან ლელა კაკულია მე ვარ, „კოსმიური სიგნალი მივიღო“ და „ნაციონალების“ და მათი მხარდამჭერების ტვინში მომწიფებული ავანტიურა ვიწინასწარმეტყველო!
სხვათაშორის, ეს კითხვები არა მარტო ბატონ მათე ციხესაშვილს, არამედ თითოეულ ჩვენგანსაც აწუხებს.
ვიდრე იმაზე ფიქრით თავს ავიტკიებთ, თუ რა მოხდება ხვალ, მოდით ვუპასუხოთ კითხვას: ჰქონდა თუ არა დანაშაულებრივ რეჟიმს იმის უფლება, მთავრობის გადადგომის მოთხოვნით მრავალათასიანი აქცია დაეანონსებინა და 9 წლის მანძილზე დაშინებულ-გაუპატიურებული საზოგადოება ისევ შიშისა და გაურკვევლობის წყვდიადში შეეტყუებინა?
რა თქმა უნდა არა, მაგრამ, რადგან ეს გარისკეს, აშკარაა, რომ მათ ხელისუფლებაც და ხალხიც, მაპატიეთ და ფეხებზე ჰკიდიათ!
სხვა თემააა, არის თუ არა ფერად-ფერადი დაპირებებით მოტყუებული საზოგადოება დღევანდელი ხელისუფლებით უკმაყოფილო, მაგრამ ეს იმას არ უნდა ნიშნავდეს, მთავრობის შეცვლის (ისიც ძალადობით) ინიციატივა დანაშაულებრივმა რეჟიმმა აიღოს და ისევ უკვე ნაცად ჯოჯოხეთს დავუბრუნდეთ!
ის არგუმენტი, რომ დღეს ხალხს ქუჩაში არ ხვრეტენ, ან საპატიმროებში ცოცხით არ უმასპინძლდებიან, „ქართული ოცნების“ პოზიტიურ ჭრილში შესაფასებლად არ გამოდგება. შეცდომაა, როცა ნებისმიერ მოქმედ ხელისუფლებას მის წინამორბედთან ვადარებთ და ამით გულს ვიმშვიდებთ!..
კი ბატონო, დღევანდელი ხელისუფლება არ ჰგავს „ნაციონალურს“ სხვადასხვა ფაქტორების გათვალისწინებით, მაგრამ ეს არ გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ იგი თავის ფუნქციას კარგად ასრულებს!
ივანიშვილის პოლიტიკაში შემოსვლით რძის მდინარეებს ნამდვილად არ ველოდი, მაგრამ უმთავრესი დაპირება შეუსრულებელი დარჩა _ „ნაციონალები“„ როგორც დანაშაულებრივი პოლიტიკური რეჟიმი ისევ თავის სტიქიაში დარჩა და ყველა არსებული თუ მოსალოდნელი უბედურება ისევ მათ ბრალდებათ!
მე პირადად, „ნაცების“, როგორც ადამიანთა ჯგუფის განადგურების მომხრე არასდროს ვყოფილვარ და არც მომავალში ვიქნები, მაგრამ ხელისუფლებას იმდენი უნდა მოეხერხებინა (ეს მას ევალებოდა), რომ ისინი, როგორც პოლიტიკური სუბიექტი (არადა, ერთადერთი ოპოზიციის მანტია თვითონ მოასხეს) დაესუსტებინა!
ძალიან ბევრი ითქვა და დაიწერა (მათ შორის მეც მრავალგზის შევხებივარ) „ქართული ოცნების“ არაეფექტურ, არათანმიმდევრულ პოლიტიკაზე და მართვის ბერკეტების უსუსურად გამოყენებაზე, მაგრამ ის,რაც დღეს ხდება და რისი მოწმენიც ხვალ შეიძლება გავხდეთ, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს!
მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე საზოგადოება კატეგორიულად ითხოვდა სახელისუფლო ვერტიკალი (ზევიდან ქვევით) გაწმენდილიყო ნაცზონდერებისგან (აბა იმ ადამიანებს არაფერს ვერჩი, ვინც თავის საქმეს აკეთებდა და ბინძურ დანაშაულებში არ იყო გარეული), პირიქით, ყველაზე სარისკო სტრუქტურებში (სამართალდამცავ სტრუქტურებს ვგულისხმობ) მათი დაწინაურება დაიწყეს და საკუთარ თავს პრობლემები თვითონვე შეუქმნეს. აქ არა მარტო კონფედენციალური ინფორმაციების გაჟონვა იგულისხმება, არამედ ის საბოტაჟიც, რომელსაც სისტემატურად აქვს ადგილი სახელმწიფო სისტემაში. საზოგადოებაში გამეფებული შიშიც სწორედ აქედან იღებს სათავეს!
„ქართულმა ოცნებამ“ ვერც საინფორმაციო ომში დაამარცხა პიარტექნოლოგიაში დაოსტატებული „ნაცმოძრაობა“, რომელმაც ხელისუფლების სუსტი მხარეები კარგად გამოიყენა და საზოგადოების ზომბირებულ ნაწილში გარკვეული ნოსტალგიაც კი გააჩინა - სამწუხაროდ, ბევრი ჩვენი თანამოქალაქის ყურადღება ამ ბოლო ხანებში საკმაოდ დამძიმებულ ყოფით პრობლემებზეა გადატანილი და მთავრობის არასწორი პოლიტიკით გაღიზიანებული არსებითად მოსალოდნელ საშიშროებებს ვერ უფიქრდება თუ ვერ აცნობიერებს!
თუმცა, არა მგონია დღევანდელი ხელისუფლება მთლად ყურთბალიშზე იჯდეს და მართვის სადავეების „ნაციონალებზე“ ნებაყოფლობით გადაბარებას აპირებდეს - ვფიქრობ, იგი შეგნებულად ქმნის აჟიოტაჟს და საზოგადოებას იმის შიშში ამყოფებს, რომ თუ ხალხიც ამხედრდება მის წინააღმდეგ, ეს „ნაციონალების“ წისქვილზე წყლის დასხმა იქნება და ცხრაწლიან ჯოჯოხეთსაც მოგვანატრებენ...
ხშირად მსაყვედურობენ, რატომ არა ვარ ლოიალური დღევანდელი რეალობის მიმართ, რატომ ვკბენ „ქართულ ოცნებას“ - ამით ხომ „ნაციონალების“ საქმეს ვაკეთებ?! არა ბატონებო, ჯერ ერთი, „თეთრს თუ თეთრი არ ვუწოდე, შავს სახელად რა დავარქვა?“ მეორეც, მგლის შიშით ცხვარი ვის გაუწყვეტია - პირი რომ ამოვიკეროთ და კალამი ძირს დავდოთ, ამით ეშველება ვითომ საქმეს? თუ ყველა ერთად დავდუმდეთ და მოახლოებულ განსაცდელს მშვიდად დაველოდოთ?!
ჩვენ არ გვინდა ფერადი რევოლუციები, მაგრამ არც ამ გაურკვევლობასთან შეგუება ეგების - ხელისუფლება იმის ხელისუფლებაა, მის ხელთ არსებული ყველანაირი ბერკეტი გამოიყენოს და ქვეყანაში სიმშვიდე შეინარჩუნოს. თუ ეს ვერ მოახერხა, მაშინ ინიციატივა საზოგადოებამ (ხალხმა) უნდა აიღოს ხელში და ერთიც და მეორეც პოლიტიკური მიუსავლეთისკენ უნდა გაამგზავროს!
იტყვიან, სიფრთხილეს თავი არ სტკივაო. ჩვენც ხვალ ასი თვალი, ასი ყური უნდა გამოვიბათ, რომ სიტუაცია კონტროლიდან არ გავიდეს და სამოქალაქო დაპირისპირებაში არ გადაიზარდოს!
P.S. „შეთქმულების თეორიით“ არ ვარ დაკავებული, მაგრამ მაინც ცუდად მენიშნა სააკაშვილ-მარგველაშვილის საიდუმლო შეხვედრის დეტალები. ასეა, ჩვენი შეცდომები ყოველთვის ბუმერანგივით უკან გვიბრუნდება!
ზაურ ნაჭყებია