ღრიალის სამი საათი ანუ დროზე გაწმინდეთ „ნაგვისგან“ თავისუფლების მოედანი!
თეა თუთბერიძის ციტატას თუ ოდესმე გამოვიყენებდი, ამას ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი, მაგრამ ახლა ამ ქალბატონს აუცილებლად უნდა დავესეხსო, რადგან მისი და ჩემი შთაბეჭდილება „ნაციონალების“ 21 მარტს მიტინგთან დაკავშირებით (რომელიც მათი „ბელადების“ საქციელითაა გამოწვეული), საოცრად ემთხვევა ერთმანეთს.
თუთბერიძე ფეისბუკზე წერს: "თქვენ ხართ ჩმორები და არა მხოლოდ! თუ რატომ ამას თქვენც მიხვდებით და ვფიქრობ სხვებიც...“
ბუნებრივია, ისე როგორც ყველას, მეც მაინტერესებს ის როლი და ადგილი, რომლებიც „ნაციონალებს“ უჭირავთ დღეს ქართულ საზოგადოებაში. ამიტომ, მიტინგზე დროულად მივედი...
„ნაციონალები“ ელოდნენ მომიტინგეთა კოლონას და ვიდრე ისინი არ მოსულიყვნენ დროს არ კარგავდნენ და მიკროფონთან, რომ იტყვიან ხურდებოდნენ - ერთმანეთს მალ-მალე ენაცვლებოდნენ და უშვერი სიტყვებით ლანძღავდნენ ბიძინა ივანიშვილს. სამიტინგო მოთელვისთვის, მათი აზრით, ეს იყო იდეალური საშუალება, თუმცა შეძახილები ივანიშვილის შუშის სასახლის დანგრევისა და მისი საქართველოდან მოკვეთის შესახებ, ხალხის მხრიდან საკმაოდ უღიმღამოდ იქნა მიღებული. რაც ზოგად ფონად გაჰყვა მიტინგს, ვიდრე მის დასასრულამდე.
მიტინგების მოწყობის ხელოვნების ბევრი არაფერი გამეგება, მაგრამ მისმა რეჟისურულმა ჩანაფიქრმა, რომ მომიტინგეთა გულში ჰეროიკული გრძნობები გაეღვიძებინა და საბრძოლო ცეცხლი დაენთო, ნამდვილად ვერ მიაღწია მიზანს. უკრავდა რაღაც ჯოჯოხეთურ სიმაღლემდე აწეული მარში, რომელიც ტანში ზარავდა ყველას და ნაციონალი ორატორების პირგამეხებულ ლანძღვა-გინებას აპოკალიპსურ ფონად გაჰყვებოდა.
მიტინგის უპირველეს დამახასიათებელ ნიშანად იქცა მელიას, გაბაშვილის, ვაშაძისა და რატიანის მუქარისა და ანგარიშსწორების დაუძლეველი სურვილით გაჟღენთილი ისტერიკული ღრიალი, რომელშიც შიგადაშიგ ყვავილებად იყო ჩარგული ხვეწნა-მუდარა ხალხისადმი- აჰყოლოდნენ ამ ღრიალში!
სწორედ, რომ „ჩმორობისა და უტვინობის“ (დიდათ ვმადლობ ქალბატონ თეას) ნიმუშად შეიძლება მივიღოთ ორატორთა პათოსი და დაბოლება ხალხისა, თითქოს ამჟამად და ამ მომენტში, მსოფლიოს უდიდეს ქალაქებში, მიმდინარეობდა თბილისელ მომიტინგეთა მხარდამჭერი აქციები და, რომ მთელი მსოფლიო ნაციონალთა მხარეს იყო. ეს იყო სიმწრით განცდილი, ღიმილისმომგვრელი ტყუილი, რამაც თვით ცნობილი პატიმრების - მერაბიშვილის, უგულავასა და ახალაიას მომხრეთა გულშიაც (რომლებიც წარმოადგენდნენ ამ მიტინგის აბსოლუტურ უმრავლესობას) კი ვერ იპოვა ადგილი.
ყავლგასულ, გაცვეთილსა და სიტუაციისთვის აბსოლუტურად შეუფერებელ ამ ღრიალომანიას ახლდა რამდენიმე უზნეო პასაჟი, თუნდაც მელიას მიერ, ხელში უხერხულად, რაღაც საგანივით აყვანილი ბავშვი, რომლის ანგელოზური არსება ამ არამზადამ თავისი ბინძური პროპაგანდისთვის გამოიყენა. ნეტავ მის სულიერ მამას, გიგა ბოკერიას- „მსოფლიო მასშტაბის ჰუმანისტს“ თუ გაუჩნდა კითხვა - მელიას ამ უხამს საქციელთან დაკავშირებით?!
მეორე და არანაკლებ „ჩმორულ“ საქციელად მომეჩვენა თავისუფლების მოედნისთვისაც კი შეუფერებელი, პატრიოტული აპლომბით ატეხილი ღრიალი საქართველოსა და ქართველობის შესახებ, ესაა ჯადოსნური სატყუარა, რომელიც დიდი ხანია გაიცვითა „ნაცების“ ხელში, და ეს ხმა წყევლა-კრულვად გაისმოდა ადამიანების პირიდან, რომლებმაც ყველაფერს ქართულს პირში შეაფურთხეს და სული ესწრაფვოდათ მთელი საქართველოს როგორ გააინგლისურ - გაასინგაპურელებდნენ („პროგრესულად მიმვიჩნევ თუ საქართველოში სახელმწიფო ენა იქნება ინგლისური“ მ.სააკაშვილი).
„კოლონები მოდის, სამეგრელო ჩვენთანაა!“ ბღავის გაბაშვილი. „მთელი კახეთი ჩვენთანაა!“ ბღავის რატიანი. „მთელი საქართველო ჩვენთანაა!“ ბღავის ვაშაძე. „კოლონები“, „კოლონები“ ისმის გაუთავებლად,“ გმირი საქართველო ჩვენთანაა“, ბღავიან მიტინგის დაოსებული ბელადები.
და მოვიდა კოლონა. მოვიდა დროშების ხათრიანი ქნევით, რაღაც პანაშვიდური დუმილით, უიმედობის სულით გასუდრული. სადღაა ის რაც უკვე ერთხელ ნახეს „ნაციონალებმა“, სადღაა ძალა და დიდება გარდასული ბრძოლებისა???
რუსთაველის მხრიდან შემოსულმა ხალხის მასამ სანახევროდ თუ გაავსო თავისუფლების მოედანი. მოლოდინით დაღლილი ნაციონალ ბელადთა თვალებმა ნამდვილად ვერ იხილეს ის რაც სურდათ დაენახათ. ეს მიტინგი მართლაც რომ „ჩმორული“ გამოდგა მათი სამიტინგო საქმიანობის ისტორიაში და არა მგონია თუთბერიძის ამ შეფასებას და ზოგად დაღმასვლას „ნაციონალებისას“, გულში მაინც, არ დაეთანხმოს ქართველთმოძულეობის ყველაზე გამოჩენილი და ორთოდოქსი მოღვაწე გიგა ბოკერია.
დადგა მიტინგი და დაიწყო ქართველობის მოყირჭებული ქება-დიდებით. ისმის სიტყვები „ამაყი ერი“, „რომელიც არასდროს შეეგუება ოლიგარქის მონობას, რომელმაც გააღვივა შური, მტრობა, ადამიანთა სიძულვილი“ (ს. რატიანი) „საზოგადოების მოთმინება, რომელსაც აქვს საზღვარი და არ დაუშვებს ივანიშვილმა უფსკრულში გადასჩეხოს საქართველო“ (ნ.მელია), „ასიათასობით ამაყი ქართველი, რომელიც გმინავს „ქართული ოცნების“ უღელში“,(გ. გაბაშვილი), „არვის დავუთმობთ ჩვენი ქვეყნის მომავალს“ (გ. ბოკერია) „ მდიდარმა ავანტიურისტმა ჩვენს შვილებს წაართვა მომავალი“ (ი. ნადირაშვილი)“ ტერორისტები“, „ჯაშუშები“ „გამყიდველები“ ‘მკვლელები“-(თითქოს თავის თანაპარტიელებზე ლაპარაკობსო) ისმის ვიღაც ბიბილაშვილის გამოსვლაში. იფრქვევა ზიზღი და შურისძიების წყურვილი ავარდნილია ზეცაში.
დგას ხალხი და ისმენს, ზოგს გული ეფხანება და მეტი და მეტი სურს, მაგრამ მიტინგის მონაწილეთა დიდი ნაწილი აშკარად ინდიფერენტულია. ბაქრაძემ შენიშნა ეს: „ხალხო გამოვცოცხლდეთ ცოტა, ხომ ხედავთ ხელისუფლებას ეშინია ჩვენი“. ამ ხმას ნიავისხელა შერხევის ეფექტის არ ჰქონია!..
და ბოლოს: გამოვიდა ეკრანზე ისიც, უცნაური ჭინთვებით შეპყრობილი სააკაშვილი, თვითონ რომ უცხოეთში „დაგულაობს“ და აქ ესენი შეატოვა ერთმანეთს განსაცდელში, რაც იმას ტრიბუნიდან გულში აგინეს იმდენი ცხონება ნაცების ბრძოლაში დაღუპულ თანაპარტიელებს. ილაპარაკა როგორც იცის: უსაბუთოდ, უსამართლოდ, ანგარიშგაუწევლად ყველას და ყველაფრის მიმართ, ჩვეული უხამსობითა და შურისძიების წყურვილით აღვსილმა.
დამთავრდა მიტინგი. დარჩა ჩვენი მრავლისმნახველი „თავისუფლების მოედანი“ “ნაცების” მიერ მოტანილ ნამუსრევში და დამეუფლა მძაფრი სურვილი ამ ნაგვისგან რაც შეიძლება მალე გაწმენდისა.
ელდარ ნადირაძე,
პროფესორი, ყოფილი პარლამენტარი