ნიკა გვარამია: "რუსთავი-2"-ის მფლობელების კანონიერებაში ეჭვი არ მეპარება
ტელეკომოპანია "რუსთავი 2"-ს ახალი მფლობელი ჰყავს. აქციების 51%-ის (საკონტროლო პაკეტის) მფლობელი ტელეკომპანია "საქართველო" გახდა. არხის გენერალურ დირექტორად ნიკა გვარამია დაინიშნა.
საზოგადოებაში გაჩენილ კითხვებზე ნიკა გვარამიამ დღეს გამართულ პირველ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
"არანაირი საფუძველი არ მაქვს, ტელეკომპანია "რუსთავი-2"-ის მფლობელების კანონიერებაში ეჭვი შევიტანო. არხის 51%-ის მფლობელია ტელეკომპანია "საქართველო", რომელიც რეალურად აღარ არის ტელეკომპანია მას შემდეგ, რაც კუთვნილი სიხშირე სხვა იურიდიულ პირზე გაასხვისა. კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ იმ იურიდიულ პირთან, რომელსაც "საქართველომ" სიხშირე მიჰყიდა, "რუსთავი-2"-ს და მის დამფუძნებლებს არავითარი სამართლებრივი ბმა არ აქვთ. თავის მხრივ, ტელეკომპანია "საქართველოს" დამფუძნებლები ლევან და გიორგი ყარამანიშვილები არიან, რომლებიც აქედან გამომდინარე "რუსთავი-2"-ის დამფუძნებლებიც არიან. შესაბამისად "რუსთავი-2"-ის დამფუძნებელ ფიზიკურ პირებს თუ ჩამოვთვლით, მათ წარმოადგენენ ლევან და გიორგი ყარამანიშვილები და გოგი გეგეშიძე. ტელეკომპანია "საქართველოდან" კი დარჩა მხოლოდ მისი ქონება, რომელიც "რუსთავი-2"-ს შეერწყა და ეს უკანასკნელი ქონებრივად გაძლიერდა. მას დაემატა ახალი შენობა, აპარატურა და რიგი სტუდიებისა", - აცხადებს "რუსთავი 2"-ის ახალი გენერალური დირექტორი.
ნიკა გვარამია არხის ხელმძღვანელის გადაწყევტილებით, აღნიშნულ თანამდებობაზე გუშინ დაინიშნა.