დემურ გიორხელიძე: “ხელისუფლებამ ავანსად გაცემული ხალხის ნდობა "ნაციონალური მოძრაობის" კეთილდღეობას "მოახმარა"!
ანალიტიკოსი დემურ გიორხელიძე “ივერიონს“ გამიზნულ ქართულ რეგრესზე, “თეთრი“ და “შავი“ პოლიტიკური ძალების სიამტკბილურ თანაცხოვრებასა და პოლიტიკოსების მიერ ყოველდღე გაბითურებულ საზოგადოებაზე ესაუბრა.
-ბატონო დემურ, თქვენი აზრით, ჩაფლავდა თუ არა 21 მარტის რიხიანად დაანონსებული აქცია?
-21 მარტი არანაირი ნიშანსვეტი დღე არ იყო, არაფერი შეიძლება მომხდარიყო. რომ არა უპასუხისმგებლო მედია, ასეთ აჟიოტაჟს არც გამოიწვევდა. რა იყო ასე გასაბუქებელი? პოლიტიკური პარტია აწყობს მიტინგს! თუ არ გადის კონსტიტუციის ჩარჩოებიდან - მოაწყოს, რამდენიც უნდა!
მთავრობის გადაყენება უნდა? ამაზე აკეთებს აქცენტს? რუსები ამბობენ - "ხოტეტ ნე ვრედნო!" დაე, უნდოდეს... მაგრამ ბოლშევიკური მედია "რევოლუციის სადარაჯოზეა" - უნდა გააბუქოს, დათესოს პანიკა, მოუწოდოს კონსტიტუციის წინააღმეგ.. დიახ, ანტიკონსტიტუციურია იმის გახმიანება, დაემხობა თუ არა ხელისუფლება ამ თუ სხვა მიტინგებით...
ჩვენ 25 წელია ჭაობში ვსხედვართ, - შესანიშნავი რესურსების ქვეყანა არ ვითარდება და ამის მიზეზი მეოთხედი საუკუნის განმავლობაში აგრესიული, უზრდელი და თავხედი დილეტანტიზმია. სახელმწიფო მართვა პროფანირებულ იქნა - ხალხი, რომლებსაც ორ ბატსაც არ ანდობდა გონიერი კაცი, ქვეყნის მაღალ თანამდებობებზე გვევლინებოდა - არანაირი ცოდნა, ემპირიული გამოცდილება, უნარი და პროფესიონალიზმი საჭირო არ იყო, - პასუხისმგებლობა, მით უფრო... აი, როცა ამას არ აპროტესტებს მედია და, ფაქტობრივად, პოლიტიკის დანამატადაა ქცეული, იმ ქეყანას ფეხზე დადგომა ძალიან გაუჭირდება!
-"ნაციონალური მოძრაობა" რეგიონებში პერმანენტული აქციების ჩატარებით, ანტიკორუფციული კომიტეტის შექმნითა და პარლამენტში მთავრობის იმპიჩმენტის პროცედურის წამოწყებით იმუქრება. რა მიზანს ისახავენ ამ ქმედებებით?
-ოპოზიციური პარტიაა - მთავრობას ხომ არ დაუდგება მეხოტბედ? ჩემთვის მთავარია, "ნაციონალური მოძრაობა" არ გავიდეს კონსტიტუციური ჩარჩოდან და ის "ბლეფი" არ მოინდომოს კიდევ, ხელისუფლების დახმარებით და უდიდესი ძალისხმევით, 2003 წლის ნოემბერში რაც გააკეთა... რატომ ვავლებ პარალელს? ახლანდელი ხელისუფლების დიდი მცდელობა რომ არ ყოფილიყო, ეს ორი წელი "ნაციონალური მოძრაობა" ამ სახით ასე ვერ იქნებოდა... ხელისუფლებამ საკუთარი ავტორიტეტი და ხალხის ნდობა, ავანსად გაცემული ხალხისგან, "ნაციონალური მოძრაობის" კეთილდღეობას "მოახმარა" და... მეც, ბუნებრივი, ალუზია მიჩნდება!
-"ნაციონალურ მოძრაობას" "სახის" შენარჩუნებაში ხელს შეუწყობს თუ არა დღევანდელი ხელისუფლება და რატომ?
-თუ გარე დაკვირვების შედეგიდან გამოვალთ, აშკარაა - ხელისუფლება საღი პოლტიკური სისტემის ამგები არ არის! ამის მოსურნე არც ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური ძალებია... ყველაფერი 1995 წლიდან აღებულ ტექნოლოგიაზეა აგებული: "თეთრი" და "შავი" ძალის წარმოდგენა, პოლიტტექნოლოგიებით ამის კულტივირება და საფუძველშივე მოსპობა საღ მსოფლმხედველობაზე დაფუძნებული პოლიტიკური ძალების გაჩენის შესაძლებლობისა. ანუ: "თეთრი" და"შავი" ასეთ ვითარებაში ერთი მედლის ორი მხარეა მხოლოდ და... ერთმანეთის გარეშე ორივე განწირულია...
ამ მახინჯმა სისტემამ 20 წელი გაძლო და... გამოუსწორებელი დაღიც დაასვა ქვეყანას. რაღაც დრო შეიძლება ამ სიმახინჯემ იმუშაოს, მაგრამ ასეთი სისტემა განწირულია კრახისთვის და ყველა პოლიტიკური ძალა, რომელიც ამ მახინჯ თამაშში მონაწილეობს... ამ მახინჯმა სისტემამ წარმოქმნა "სატელიტი პარტიების" და პაიკი-პოლიტიკური ლიდერების მთელი კოჰორტა: "თეთრს" და "შავს" თავიანთი ამფსონები სჭირდებათ, მაგრამ... ეს გზაა ჩიხისკენ, - სახელმწიფოს ჩამოუყალიბებლობისკენ და სახელმწიფოებრივი კრახისკენ... ამ ჭაობში არაფერი ვითარდება და ვერც განვითარდება!
-ცნობილია, რომ ამა თუ იმ მთავრობას ისტორიულად არქმევდნენ ხოლმე მუშურს, გლეხურს, ელიტურს და ა.შ. თქვენი აზრით, როგორია საქართველოს დღევანდელი მთავრობა?
- არ ვისურვებდი, რომ ამ ბოლშევიკური ტრადიციის გაგმგრძელებლები ყოფილიყვნენ საქართველოში... ეს ისევ "იარლიყების" მიწებების, ანუ ტოტალიტარული მენტალობის შედეგია! პოლიტიკური ჯგუფი უნდა შეფასდეს - დადო თუ არა მან შედეგი და გადაწყვიტა თუ არა რაიმე პრობლემა, რომელიც იდგა ან დგას ქვეყნის და საზოგადოების წინაშე! აი, კრიტერიუმი - შ ე დ ე გ ი! არ არის შედეგი? მაშინ პოლიტიკური ძალა სუსტია და მას არჩევნებზე ხალხი უნდა ცვლიდეს... მაგრამ ჩვენი ხალხი თავის საყვარელ 'ბელადებს" შედეგებით რომ არ აფასებს?! სოციალურ ჭაობში ჩაფლულ ხალხს რომ არ ანაღვლებს სოციალური პრობლემები და არაფერს თხოვდა და თხოვს თავის რჩეულს? აი, პრობლემის სათავე... სიყვარული პოლიტიკაში, მით უფრო, პოლიტიკური ლიდერების სიყვარული, ტრაიბალისტური საზოგადოების ნიშანია და სანამ ხალხი მოქალაქეებად არ ჩამოყალიბდება, პოლიტიკური ძალები მუდამ მოახერხებენ ხალხის გაბითურებას. ჩვენ ამ გზაზე ვართ 25 წელია!
ესაუბრა ია ჯღარკავა