მთავრობის ადმინისტრაცია დაუსაბუთებელ ბრალდებებს მთავრობისა და პრემიერის მიზანმიმართულ დისკრედიტაციად აფასებს

მთავრობის ადმინისტრაცია დაუსაბუთებელ ბრალდებებს მთავრობისა და პრემიერის მიზანმიმართულ დისკრედიტაციად აფასებს

კატეგორიულად მიუღებელია დაუსაბუთებელი ბრალდებების მოსმენა იმ მთავრობის მიმართ, რომლისთვისაც მთავარ პრიორიტეტს სწორედ სამართლიანობის აღდგენა წარმოადგენს , - ამის შესახებ ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის განცხადებაში.

პრესსამსახური ამ განცხადებით ბიზნესმენ ბესო ხარძიანის მკვლელობას და მკვლელობის შესახებ გავრცელებულ კომენტარებს ეხმაურება. "საქართველოს მთავრობის სახელით, გვინდა მწუხარება გამოვთქვათ ბიზნესმენ ბესო ხარძიანის მკვლელობის გამო და სამძიმარი გამოვუცხადოთ მის ოჯახს, ახლობლებს.

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვინდა განვაცხადოთ, რომ ბესო ხარძიანის საქმის გამოძიება ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს, რათა უმოკლეს ვადებში მოხდეს დამნაშავის დადგენა და დასჯა. ამ დღეებში მომხდარზე ბევრი კომენტარი კეთდება სხვადასხვა სატელევიზიო ეთერში. გაისმა ბრალდებები მთავრობის ყოფილი და მოქმედი წევრების ამ საქმესთან შესაძლო კავშირის შესახებ. 

გვინდა მოვუწოდოთ ყველას, ბრალდების შემთხვევაში წარმოადგინონ კონკრეტული დოკუმენტური დასაბუთება, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი ბრალდებები ჩაითვლება საქართველოს მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის მიზანმიმართულ დისკრედიტაციად.

კატეგორიულად მიუღებელია დაუსაბუთებელი ბრალდებების მოსმენა იმ მთავრობის მიმართ, რომლისთვისაც მთავარ პრიორიტეტს სწორედ სამართლიანობის აღდგენა წარმოადგენს", - ნათქვამია განცხადებაში.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: