ვის მიაკითხავს სიკვდილის „მანქანა“?!
„პატრიოტთა ალიანსის“ გენერალურმა მდივანმა, ჟურნალისტმა ირმა ინაშვილმა გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მისი სიცოცხლე სააკაშვილმა 100000 დოლარად შეაფასა და რეალური საშიშროების წინაშე იმყოფება.
იური ვაზაგაშვილისა და ბესო ხარძიანის ცინიკური მკვლელობების შემდეგ საზოგადოებაში დაუცველობის განცდა თანდათან მატულობს - ბევრი ფიქრობს, რომ სიკვდილის „მანქანა“ სხვებსაც მიაკითხავს და შეკვეთილი მკვლელობების სერიალი გაგრძელდება!
შეკვეთების კვალი სადაც და ვისთანაც არ უნდა ვეძებოთ, ერთი რამ ფაქტია: საზოგადოება იმ შეცდომებს იმკის, რაც მან 2012 წლის ოქტომბრიდან დღემდე დათესა. „ნაცზონდერების“ სახელისუფლო საჭეს ფორმალურად მოცილებით გამოწვეულ ხბოს აღტაცებას დიდხანს არ ჩაუვლია და „ქართული ოცნებით“ გაბრუებულებმა ვერ გავიაზრეთ, რომ ცხრათავიან დევს ცხრავე თავი თუ არ გაუჭეჭყე და „საკონტროლო გასროლაც“ არ მიაყოლე, მაცოცხლებელ წყაროსაც გადაკეტავს და საჭიროების შემთხვევაში სულსაც გაგაფრთხობინებს!
დაქირავებული ქილერებისგან საზოგადოება არასდროს ყოფილა ბოლომდე დაზღვეული, მაგრამ სხვა თემაა, როცა სიკვდილის აჩრდილი თითოეულ მოქალაქეს თან დაჰყვება და მუდმივად არსებობს კითხვა: ვინ იქნება შემდეგი?!
არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, რას ემსხვერპლნენ ბესო ხარძიანი და იური ვაზაგაშვილი, ან რატომ შეფასდა ირმა ინაშვილის სიცოცხლე 100000 დოლარად, უფრო მნიშვნელოვანია, როგორ ვუპასუხებთ ჩვენ კარს მომდგარ სიკვდილის „მანქანებს“ და რამდენად შესაძლებელია გახმაურებულ მკვლელობათა სერიალის შეწყვეტა?!
ამ შემთხვევაში გადამწყვეტი სიტყვა ეკუთვნის ხელისუფლებას, რომელსაც ყველა ბერკეტი გააჩნია ამის აღსაკვეთად და რომელმაც თავისი ლოიალობით მაფიოზურ სიცილიას დაამსგავსა საქართველო!
თუმცა, არანაკლები როლი აკისრია თვით საზოგადოებას, რომლის წიაღიდან იშვა დღევანდელი ხელისუფლება და რომელმაც საზოგადოებისვე უნიათობით (საღათას ძილში ყოფნით) თვითდინებაზე მიუშვა სახელმწიფოს მართვის ბერკეტები, რომ არაფერი ვთქვათ ყბადაღებულ კოჰაბიტაციაზე და არსებული სისტემის საკუთარ ტანზე მორგებაზე!
ჩვენ გარკვეული სიფრთხილით ვეკიდებოდით ირმა ინაშვილის ინიციატივას რუსთაველის გადაკეტვისა და კარვის ქალაქების მოწყობის თაობაზე, რადგან პრობლემა იმდენად გლობალურია, რომ ერთი პოლიტიკური დაჯგუფების ძალისხმევას ნამდვილად აღემატება. თუმცა, საზოგადოების განწყობა და ხელისუფლების დამოკიდებულება სიკვდილის „მანქანის“ მიმართ გვაფიქრებინებს, რომ ერი ერთ მუშტად უნდა შეიკრას და განგაშის ზარები დაარისხოს!.. და ეს რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს.
...და რადგან, ჩვენ არ ვიცით, ვინ იქნება შემდეგი, ჩვენ არ ვიცით, უახლოეს მომავალში ვის მიაკითხავს სიკვდილის „მანქანა“!
ანდრია ლისაშვილი