მაია ნიკოლეიშვილი: სერიული მკვლელობები უნდა დასრულდეს!
დამოუკიდებელი ექსპერტის მაია ნიკოლეიშვილის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ რადიკალური ზომები უნდა მიიღოს, რომ ისეთი ტრაგედიები, როგორიც ხარძიანის მკვლელობაა, აღარ მოხდეს და ამ სერიულ მკვლელობებს ბოლო მოეღოს. როგორც ექსპერტმა "რეპორტიორთან" საუბარში აღნიშნა, კანონის ფარგლებში მაქსიმალურად უნდა მოხდეს საზოგადოების დაცვა. მისივე თქმით, თუ მთავრობა შესაბამის ქმედებებებს არ განახორცილებს, ასეთ აგრესიულ პრეცედენტებს გაგრძელება ექნება.
"ყველაფერს სახელი დავარქვათ, "ნაციონალური მოძრაობის" ბატონობის დროს უკანონობისა და უსამართლობის წინააღმდეგ მებრძოლ ადამიანებს იშორებდნენ. იური ვაზაგაშვილი ამ სქემაში წარმატებული ადამიანი იყო, მოკლეს მაშინ, როდესაც პრაქტიკულად, ყველაფერი გარკვეული იყო. ბესო ხარძიანი მოკლეს მაშინ, როდესაც ამ ბრძოლაში წარმატებას მიაღწია. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, საზოგადოების დაშინების მცდელობაა. ეს არის ძალიან აგრესიული გეგმა, რომელსაც, ვვარაუდობ, გაგრძელებები ექნება, თუ სამართალდამცავმა ორგანოებმა რადიკალურად არ შეცვალეს მუშაობა. ასევე საჭიროა უბნის ინსპექტორების გააქტიურებული მუშაობა. კანონის ფარგლებში საზოგადოების დაცვა უნდა მოხდეს. ჩვენ ყველანი გადასახადის გადამხდელები ვართ, რომელსაც მთავრობას ვუხდით და სახელმწიფოს ვალდებულებაა, მოძებნოს სწორად მოქმედების ფორმა. ეს არის სერიული მკვლელობები, რომელსაც ბოლო უნდა მოეღოს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ რადიკალურად უნდა შეცვალოს თავისი მიდგომები, ასე გაგარძელება აღარ შეიძლება. მუშტი, ცემა და ძალადობა აუცილებელი არაა, რომ ქვეყანაში სამართლიანობა იყოს, ამას ჭკუა და გონება სჭირდება. ხალხს კონტროლი ესაჭიროება. ოპერატიული მუშაობა უნდა მიდიოდეს არა მკვლელობის მერე, არამედ მკვლელობამდე. დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრო პრევენციაში საკმაოდ მოიკოჭლებს. მოკლული ადამიანის ოჯახს, შემდეგ რაღაში სჭირდება მათი პრევენციები?! ამიტომ რადიკალური ზომებია საჭირო",- აცხადებს ნიკოლეიშვილი.