თეა წულუკიანი: პროკურატურის რეფორმა წელს ჩატარდება
იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ პროკურატურის რეფორმა წელსვე სწრაფად უნდა ჩატარდეს და ვეღარ დაიცდიან.
"კონსტიტუცია ამბობს, რომ მთავარი პროკურატურა არის იუსტიციის სამინისტროს ფარგლებში და რომ ზოგად ხელმძღვანელობას პროკურატურაზე იუსტიციის მინისტრი ახორციელებს. რაკი გვაქვს პოლიტიკური ნება, მოგვიწევს სწრაფი ტემპით ვიაროთ რეფორმებით. ნიშნავს თუ არა ეს, რომ ჩვენ დავბრუნდებით იმ მოდელში, რომელსაც ჰქვია მინისტრი პროკურორის მოდელი, ეს ამას არ ნიშნავს. ჩვენ ამ მოდელში არასოდეს, ყოველ შემთხვევაში, ამ მთავრობის მმართველობის პირობებში არ დავბრუნდებით იმისათვის, რომ პოლიტიკა არ იყოს საპროკურორო საქმიანობის ნაწილი", - განაცხადა თეა წულუკიანმა.
მისივე თქმით, ამ საკონსტიტუციო ჩარჩოებში შემუშავებულია ორი სხვადასხვა შესაძლო მოდელი, რომელზეც კვირის ბოლოს სამუშაო ჯგუფის სხდომა შეიკრიბება, სადაც გაასაჯაროებენ იმას, თუ რაზე ფიქრობენ და გაიმართება დისკუსია.
"პროკურატურის რეფორმა ჩატარდება წელს, სწრაფად, იმ საშუალებებით, მათ შორის, კონსტიტუციური, რაც გვაქვს", - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.