რა ვქნათ ბატონო ზვიად: ვიცინოთ, თუ ვიტიროთ?!
პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ზვიად ძიძიგურმა კიდევ ერთ „საიდუმლოს“ ახადა ფარდა და დიდსულოვნებით გაგვიმხილა, რომ პარლამენტის კედლები ასინეთებითაა თურმე გატენილი და უმრავლესობას უსმენენ!
არ იფიქროთ, ამ „ფარულ“ მოსმენებს სპეცსამსახურები ახორციელებენ, არა ბატონებო - თურმე ჟურნალისტები და ყბადაღებული ენჯეოები აყურადებენ ჩვენს ბედოვლათ პარლამენტარებს და მთელი „ავლადიდება“ გარეთ გამოაქვთ...
ჩვენ რომ გვისმენენ კი ვიცოდი, მაგრამ თუ ხელისუფლებასაც ასე „უპრაგონოდ“ უსმენდნენ, ნამდვილად არ მეგონა.
გულწრფელად გითხრათ, ძალიან მეცოდება საპარლამენტო უმრავლესობა ამ ცანცარა ჟურნალისტებისა და გრანტიჭამია ენჯეოების ხელში, მაგრამ თავს ვიმტვრევ და ვერ მომიფიქრებია, როგორ ვიხსნა ისინი აბეზარი, არამკითხე მოამბეებისგან.
არ ვიცი, რაში საჭირდა, მაგრამ ბატონმა ზვიად ძიძიგურმა ბეჭედი დაუსვა საზოგადოებაში არსებულ განწყობას დღევანდელი ხელისუფლების უუნარობაზე და უნიათობაზე.
დააკვირდით: თუ ხელისუფლება საკუთარ თავს ვერ იცავს (და მერე ვისგან? ჟურნალისტებისა და ენჯეოებისგან) და ყველა მისი სახელმწიფო თუ პარტიული საიდუმლოება ასე ადვილად იშიფრება, რისი იმედი უნდა გვქონდეს ჩვენ, საზოგადოებას?!
კიდევ გავაგრძელოთ? მგონი არ არის საჭირო.
რა ვქნათ ბატონო ზვიად: ვიცინოთ, თუ ვიტიროთ?!
ანდრია ლისაშვილი