ალექსი პეტრიაშვილი: მინდია ჯანელიძე საკუთარ განცხადებებში აიბნა
"თავისუფალი დემოკრატების" წევრი ალექსი პეტრიაშვილმა თავდაცვის მინისტრს, მინდია ჯანელიძეს საკუთარ განცხადებებში დაკარგული ინდივიდი უწოდა.
ალექსი პეტრიაშვილმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში განაცხადა, რომ მინდია ჯანელიძე საკუთარ განცხადებებში აიბნა. ალექსი პეტრიაშვილი წუხს, რომ მას თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი ჰქვია.
ის მინდია ჯანელიძის იმ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც მინისტრმა აღნიშნა, რომ რაც უფრო მეტს ილაპარაკებენ ალასანია და მისი პარტიის წევრები ხელშეკრულების საკითხზე, ქვეყანას უფრო მეტი ზიანი მიადგება.
"ძალიან ღიმილის მომგვრელია, როდესაც უფრო მეტის საუბარზე აქცენტს აკეთებს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი. ვწუხვარ, რომ მას ჰქვია თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი. ის კიდევ უფრო ღრმად დაიკარგა იმ ბუნდოვანებაში, იმ ემოციურ-სოლიდარულ გაუგებრობაში რომელშიც იმყოფება მთავრობის ფიქტიური ხელმძღვანლი, მისი ცალკეული წევრები და საკუთარ განცხადებებში აიბნა. ეს რომ იყოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, კიდევ შეიძლება უფრო ლმობიერად მოეპყროს, მაგრამ როდესაც თავდაცვის უწყების ხელმძღვაელი, რომელსაც შეჰყურებს ჩვენი შეიარაღებული ძალები, შეჰყურებს ჩვენი საერთაშორსო პარტიორები, საკუთარ განცხადებებში იკარგება, ეს საკუთარ განცხადებებში დაკარგული ინდივიდია", - აღნიშნა ალექსი პეტრიაშვილმა.
"თავისუფალი დემოკრატების" წევრმა ყურადღება ორ ფაქტორზე გაამახვილა და თავდაცვის მინისტრს კარგად მომზადება ურჩია.
"მოდით, ორ ფაქტს მივაქციოთ ყურადღება, "ზარი არ ყოფილა", "ზარი იყო". "ხელშეკრულება ბუნებაში არ არსებობს", "ხელშეკრულებაში ყველაფერი კარგად არის". მოვიდეს, "თავისუფალი დემოკრატების" მოთხოვნით იყო შეთანხმება თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარესთან, რომ ის მოვიდოდა დახურულ ფორმატში. ოღონდ კარგად იმეცადინოს, კარგად მოემზადოს, რათა თვითონ ჩამოყალიბდეს, დარეკა თუ არ დარეკა, ცხადში დარეკა, თუ სიზმარში დარეკა, იყო ხელშეკრულება თუ არ იყო და კარგად მიდის ყველაფერი, თუ არ მიდის. ძალიან მარტივია, არ მინდა მისგან არავითარი დეტალები, გასცეს პარლამენტარებს და საზოგადოებას პასუხი", - აღნიშნა ალექსი პეტრიაშვილმა.
თავდაცვის მინისტრმა, მინდია ჯანელიძემ "თავისუფალ დემოკრატებს" მოუწოდა თავი შეიკავონ განცხადებებისგან და მშვიდად იყვნენ, რადგან ყველაფერი კარგად მიდის, - ამის შესახებ მინდია ჯანელიძემ ჟურნალისტებს საფრანგეთთან საჰაერო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ხელშეკრულების თემის კომენტირებისას განუცხადა.