"ჩემთვის ძალადობა ყოველთვის მიუღებელი იყო"-ბუდუ ლომჯარიას პასუხი დავით ბეგიაშვილს
ბიზნესმენის დავით ბეგიაშვილის მიერ გაზეთ "კვირის პალიტრაში" გამოქვეყნებულ სტატიას სოციალური ქსელით ეხმაურება სოსო თოფურიძის ყოფილი თანაშემწე, ამჟამად საქართველოს ფარგლებს გარეთ მყოფი ბუდუ ლომჯარია:
"დაგვიანებით გავეცანი ამ სტატიას და არ შემიძლია, არ გამოვეხმაურო. მე ვიყავი კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ერთ-ერთი ჩვეულებრივი თანამშრომელი და ვასრულებდი ჩემს მოვალეობას. არ შემიძლია, აქვე ხაზი არ გავუსვა იმ ფაქტს, რომ ჩემთვის ყოველთვის მიუღებელი იყო და არის ყოველგვარი ძალადობა, მუქარა და მით უმეტეს ბიზნეს-ტერორი.
ბატონო დავით, 2011 წლის 23 მაისს მართლაც ვიმყოფებოდი სამსახურში, მაგრამ მე თქვენი საუბარი და მით უმეტეს მუქარა არ მომისმენია არავის მხრიდან. არც ის მითქვამს თქვენთვის, როგორც თქვენ წერთ: "აქ იმდენი ვინმე ყოფილა, მიჩვეული ვარო." ჩვენი სამსახური მეტწილად გვიანობამდე მუშაობდა, შუაღამემდეც კი, ხოლო როცა აუცილებელი იყო, დილამდეც. მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ: რაც გითხარით, მხოლოდ იმ აზრს ითვალისწინებდა, რომ მიჩვეული ვიყავი გვიანობამდე მუშაობას, თორემ ჩემთვის ასეთი საქმის დეტალები, რა თქმა უნდა, უცნობი იყო. შეიძლება ეგ მკითხეთ და მეც დაგიდასტურეთ. სანამ ეს სტატია არ წავიკითხე, ისიც კი არ ვიცოდი, თქვენ ვინ იყავით. თქვენი დანაშაული თუ უდანაშაულობა ჩემს კომპეტენციაში არ შედიოდა. სტატიის წაკითხვის შემდეგ ისიც გამახსენდა, ჩვენი დაშორების დროს მადლობა რომ გადამიხადეთ", -წერს ლომჯარია.
შეგახსენებთ, რომ "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში ბიზნესმენი დავით ბეგიაშვილი ყვება იმ ზეწოლებზე, რაც მის მიმართ კუდ-ის თანამშრომლების მხრიდან განხორციელდა. საუბარია გია უდესიანზე, რომელიც ბიზნესმენის თქმით მას იარაღით ემუქრებოდა. ბიზნესმენი აღნიშნულ ინტერვიუში ახსენებს სოსო თოფურიძის თანაშემწეს ბუდუ ლომჯარიას, რომელიც მისი თქმით სამი დღის განმავლობაში მასთან ერთად იმყოფებოდა.