სომხურ ეკლესიას სახელმწიფო არ დააფინანსებს
2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში გარდა ქართული მართლმადიდებლური ეკლესიისა, სხვა კომფენსიების დაფინანსება გათვალისწინებული არ არის", _ ეს განმარტება "ივერიონთან" ფინანსთა მინისტრის მოადგილემ დავით ებრალიძემ გააკეთა.
დღეს სომხური ელკლესიის წარმომადგენელმა ლევონ ისახანიანმა სახელმწიფო ბიუჯეტიდან სომხური ეკლესიის დაფინანსება მოითხოვა. მისი მოთხოვნა შემდეგნაირად არის არგუმენტირებული: "თუ ჩვენი მრევლი გადასახადების გადამხდელთა 5%-ს მაინც შეადგენს, მაშინ ჩვენ ბიუჯეტიდან მართლმადიდებლური ეკლესიისთვის გამოყოფილი თანხის 5% უნდა მივიღოთ".
ფინანასთა მინისტრის მოადგილე დავით ებრალიძე ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, რომ 2013 წლის ბიუჯეტის პროექტზე მუშაობისას ეს საკითხი არ წამოწეულა, შესაბამისად, სხვა კომფენსიებისა და ეკლესიების სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების საკითხი არ განხილულა. "ბიუჯეტის პროექტზე მუშაობისას განვიხილეთ ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის დაფინანსების საკითხი და საქართველოს საპატრიარქოს გავუზარდეთ დაფინანსება", _ აცხადებს ებრალიძე.
შეგახსენებთ, 2013 წლის ბიუჯეტით საპატრიარქოს დაფინანსება 25 მილიონ ლარამდე გაეზარდა.