ბიძინა ივანიშვილი პროგრამის "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში ფონდის მიერ მიღებულ ყველა შეღავათს საკუთარი სახსრებით დაფარავს
საქართველოს თანაინვესტირების ფონდის ერთ-ერთმა მთავარმა ინვესტორმა ბიძინა ივანიშვილმა მიიღო გადაწყვეტილება, სახელმწიფო პროგრამის "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში ფონდის მიერ მიღებული ყველა შეღავათი საკუთარი სახსრებით დაფაროს, - ამის შესახებ საქართველოს თანაინვესტირების ფონდის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი:
"ბოლო დროს მედიის საშუალებით საქართველოს თანაინვესტირების ფონდის მიერ სახელმწიფო პროგრამებში მონაწილეობის თაობაზე გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, ფონდის ერთ-ერთმა მთავარმა ინვესტორმა ბიძინა ივანიშვილმა შენიშვნა მისცა ფონდის მმართველი კომპანიის ხელმძღვანელობას აღნიშნული პროგრამებით სარგებლობის შესახებ გადაწყვეტილების მასთან შეუთანხმებლად მიღების გამო. ამასთან, ბიძინა ივანიშვილმა მიიღო გადაწყვეტილება, საკუთარი სახსრებით დაფაროს სახელმწიფო პროგრამის "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში ფონდის მიერ მიღებული ყველა შეღავათი. შეღავათების დაფარვა მხოლოდ მისი კაპიტალით განხორციელდება, შესაბამისად, ეს თანხები არ დააწვება ტვირთად ფონდის სხვა ინვესტორებს და პარტნიორ კომპანიებს. ფონდის მმართველი კომპანია არ იზიარებს ხსენებულ შენიშვნას, რადგან მისი ხელმძღვანელობა, მანდატის შესაბამისად, ავტონომიურად იღებს ბიზნესთან დაკავშირებულ ყველა გადაწყვეტილებას და არ აქვს ფონდის ინვესტორებთან მათი შეთანხმების ვალდებულება; ამასთან, საქართველოს თანაინვესტირების ფონდი, ისევე როგორც საქართველოს მასშტაბით მოღვაწე სხვა 100-ზე მეტი კომპანია სახელმწიფო პროგრამაში "აწარმოე საქართველოში" კანონმდებლობასთან სრული შესაბამისობით მონაწილეობდა. ჩვენ ვთვლით, რომ სწორედ ხსენებული სახელმწიფო პროგრამები ხელს უწყობენ საქართველოში წარმოებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, რათა მან მაქსიმალურად გაუწიოს კონკურენცია მეზობელი ქვეყნებიდან შემოსულ სუბსიდირებულ იმპორტს.
როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, საქართველოს თანაინვესტირების ფონდი დაარსების დღიდან საქართველოში ინვესტიციების მოზიდვასა და განხორციელებაზე აქტიურად მუშაობს. ჩვენი მთავარი პრიორიტეტი იყო და რჩება საქართველოში მაქსიმალურად კონკურენტუნარიანი და წარმატებული ორგანიზაციების დაარსება, რომლებმაც ფონდის პროექტებიდან გასვლის შემდეგაც უნდა შეძლონ წარმატებულად ოპერირება. მმართველი კომპანიის მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება სწორედ აღნიშნულ მიზანს ემსახურება", - აღნიშნულია განცხადებაში.