ივანიშვილი სახელმწიფოს ფულს უკან უბრუნებს
თანაინვესტირების ფონდის მიერ პროექტ "აწარმოე საქართველოს" ფარგლებში მიღებულ შეღავათებს ბიძინა ივანიშვილი სახელმწიფოს უკან დაუბრუნებს. ამ გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია თანაინვესტირების ფონდმა გაავრცელა, რომლის ერთ-ერთი მთავარი ინვესტორი ბიძინა ივანიშვილია.
"საქართველოს სათბურის კორპორაციამ", რომლის ხელმძღვანელიც ივანიშვილის დეიდაშვილი უჩა მამაცაშვილია, სათბურის ასაშენებლად სესხი "ქართუ ბანკიდან" შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტისა და სახელმწიფო პროგრამის "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში მიიღო.
მამაცაშვილის და თანაინვესტირების ფონდის უფროსის გიორგი ბაჩიაშვილის კომპანიისთვის 1 ლარად გარდაბანში მიწის მიყიდვის ფაქტზე საჯარო რეესტრის მონაცემები მედიაში რამდენიმე დღის წინ გავრცელდა. სახელმწიფოსათვის თანხის უკან დაბრუნების გადაწყვეტილება კი ივანიშვილმა ამ ფაქტისადმი საზოგადოებაში უარყოფთი გამოხმაურების შემდეგ მიიღო.
ამ საკითხზე კომენტარის გაკეთება ჯერ გიორგი ბაჩიაშვილს მოუწია. ბაჩიაშვილმა განმარტა, რომ გარდაბანში მდებარე 2,5 მილიონ ლარად შეფასებული 35 ჰექტარი მიწა არა 1 ლარად, არამედ 10 მილიონი ლარის საინვესტიციო ვალდებულებით გადაეცათ. ამასთან, მიწა გადაეცა არა მის კომპანიას, არამედ თანაინვესტირების ფონდს. ბაჩიაშვილმა განმარტებები სწორედ იმ საწარმოში გააკეთა, რომელიც მიწის გადაცემის შემდეგ თანაინვესტირების ფონდმა ააშენა.
დღეს ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ გადაწყვეტილება პროექტ "აწარმოე საქართველოში" შეღავათიანი აგროკრედიტით სარგებლობის შესახებ თანაინვესტირების ფონდმა მასთან შეუთანხმებლად მიიღო.
ივანიშვილის გადაწყვეტილებით, პროექტის ფარგლებში მიღებულ შეღავათს მხოლოდ ის დაფარავს და ეს თანხა თანაინვესტირების სხვა ინვესტორებს ტვირთად არ დააწვებათ.
თავის მხრივ, თანაინვესტირების ფონდის მმართველი კომპანია აცხადებს, რომ ისინი ივანიშვილის შენიშვნას არ იზიარებენ, რადგანაც ბიზნესთან დაკავშირებულ ყველა გადაწყვეტილებას ავტონომიურად იღებენ და არ აქვთ ფონდის ინვესტორებთან შეთანხმების ვალდებულება.
"ჩვენ ვთვლით, რომ სწორედ ხსენებული სახელმწიფო პროგრამები ხელს უწყობენ საქართველოში წარმოებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, რათა მან მაქსიმალურად გაუწიოს კონკურენცია მეზობელი ქვეყნებიდან შემოსულ სუბსიდირებულ იმპორტს",- აღნიშნულია ფონდის განცხადებაში.
წყარო: „კომერსანტი“