პავლე კუბლაშვილი: პოლიტიკური ანგარიშსწორება გრძელდება
ხელისუფლება პოლიტიკურ ანგარიშსწორებას განაგრძობს. ასეთია ჩემი შეფასება დაკავევებთან დაკავშირებით, რადგან ამ ქმედებას სხვას ვერაფერს დავარქმევ, _ ამის შესახებ "ივერიონთან" "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა პავლე კუბლაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, გენშტაბის ხელმძღვანელის დაკავება თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას პირდაპირი დაკვეთა იყო. "რადგან ალასანია ამ თანამდებობაზე მისთვის სასურველ კადრს ვერ ნიშნავდა, კალანდაძის მოშორება ამ გზით გადაწყვიტა. მოგეხსენებათ, გენშტაბის ხელმძღვანელის დანიშვნა საქართველოს მთავარსარდლის პრეროგატივაა. მთავარსარდალი კი საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია", _ აცხადებს კუბლაშვილი.
რაც შეეხება შოთა ხიზანიშვილის დაკავების ფაქტს. "ხიზანიშვილის დაკავება პირდაპირ უკავშირდება რამდენიმე დღის წინ თბილისის მერის ვიზიტს მთავრობის კანცელარიაში და იქ პრემიერთან წაკამათებას. ამის შემდეგ მერიის კონტრაქტორ კომპანიებში საგამომძიებო სტრუქტურები შევიდნენ და გარკვეულ მოკვლევას აწარმოებენ. სწორედ ამ ყველაფრის გაგრძელებაა დღევანდელი დაკავებები, რომელსაც პოლიტიკური სარჩული ადევს", _ ამბობს პავლე კუბლაშვილი.
შეგახსენებთ, რომ დღეს მთავარ პროკრატურაში მოწმის სახით თბილისის მერის მოადგილე შოთა ხიზანიშვილი დაიბარეს. რამდენიმესაათიანი დაკითხვის შემდეგ ის დააკავეს და მოდულის შენობაში გადაიყვანეს. მას ბრალს 48 საათის განმავლობაში წაუყენებენ.