მარიამ რამინაშვილი: “უუნარო ხელისუფლების კიდევ ერთი კრახი - შესაძლოა გალის სკოლებში ქართული ენის სწავლება აიკრძალოს“!
შემაშფოთებელია გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც ეხება ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული ქართული სკოლებიდან ქართული ენის სასწავლო პროგრამიდან შესაძლო ამოღების საკითხს. ეს ფაქტი, პირადად ჩემთვის, ნოემბრის პოლიტიკური მოვლენების ლოგიკური გაგრძელებაა, კერძოდ, ვგულისხმობ, დეფაქტო პარლამენტის მიერ რუსეთთან გაფორმებული მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ე.წ. ხელშეკრულების რატიფიცირებას, რომელიც მმართველი ხელისუფლების მიერ არ იქნა სათანადო რისკად გააზრებული და შეფასებული - როგორც რუსეთის მხრიდან აფხაზეთის ანექსიის კიდევ ერთი მცდელობა!
მიზეზები, რომლებიც ამ სიტუაციას წინ უძღვის, საკმაოდ ბევრია, უპირველესად, მახსენდება, ორი წლის წინ აფხაზეთის თვითგამოცხადებულმა რეჟიმმა ე.წ. ,,სასკოლო რეფორმა” დაიწყო, რომლის ფარგლებშიც გალის ათი სოფელი და, რა თქმა უნდა, ამ სოფლების სკოლებიც, ტყვარჩელის რაიონს მიაკუთვნეს.
ისმება კითხვა: რატომ მოხდა ასე? რატომ უნდა გამხდარიყო აბსოლუტურად ქართული მოსახლეობით დასახლებული სოფლები ისეთი ქალაქის ნაწილი, სადაც ქართველები უმცირესობაში აღმოჩნდებოდნენ? სწორედ ამ ფაქტმა შესაძლო გახადა აფხაზურ მხარეს არგუმენტი გასჩენოდა - ქართულ სკოლებში სწავლებიდან საბოლოოდ ამოეღოთ ქართული ენა და რუსულით ჩაენაცვლებინათ იგი. ორი წლის წინ, მართლაც, ასე მოხდა და ქართულ მოსახლეობაში პროტესტის შესაკავებლად ქართული ენა სკოლებში დამატებით საგნად იქნა შეტანილი.
ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ქართული ენის სწავლების წინააღმდეგ განხორციელებული ნებისმიერი ქმედება ქართველი მოსწავლეების წინააღმდეგ მიმართული აქტია, რომელსაც ქართველი მასწავლებლების შევიწროებაც პირდაპირ ახლავს, თუმცა ამ ფაქტთან დაკავშირებით ჩვენი ხელისუფლების ღია და მწვავე პროტესტიც კი არ მახსენდება, არათუ რაიმე კონკრეტული ქმედება.
ჩემი ინფორმაციით, გალში არსებული ორი სკოლიდან ერთში, დღევანდელი მდგომარეობით, ქართული ენა საერთოდ ამოღებულია, მეორეში კი დროებით კვლავ ისწავლება, მაგრამ მისი, როგორც მშობლიური ენის სტატუსით მოხსენიება, აკრძალულია… სწორედ ეს წინაპირობები მაქვს მხედველობაში, როცა ვამბობ, რომ დღეს გავრცელებული ინფორმაცია რეჟიმის მიერ განხორციელებული ქმედებების ლოგიკური თანმიმდევრობაა, რომელსაც აუცილებლად სჭირდება მძაფრი რეაქცია მთავრობის მხრიდან და არა უსუსური და გაუაზრებელი კომენტარები, თუნდაც ისეთი, რომელიც დღეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მხრიდან იქნა გაკეთებული, რომ სექტემბრიდან გალის სკოლებში ქართული ენის სწავლების აკრძალვა არ დასტურდება!
ეს, კიდევ ერთხელ, მიანიშნებს უნიათო და უუნარო მთავრობის მახასიათებელზე, რომ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხების მიმართ არ/ვერ ჰქონდეს პრინციპული პოზიციები და ადეკვატური ქმედებების განხორციელების შესაძლებლობა.
2012 წლამდე სახელმწიფო აქტიურ და გამოკვეთილ თანამშრომლობას ახორციელებდა დეფაქტო საზღვრის მიღმა დარჩენილ ქართული სკოლების პედაგოგებთან. მიუხედავად აკრძალვებისა და საფრთხეებისა, ახერხებდა პედაგოგები მუდმივად ჩართული ყოფილიყვნენ საგანმანათლებლო რეფორმის სხვადასხვა აქტივობებში, მათ შორის, პირადად მინახავს, როგორ ესწრებოდნენ საქართველოში მოქმედი არასამთავროების მიერ ორგანიზებულ სხვადასხვა ტრენინგებს, იღებდნენ რესურსებსა და დამხმარე მასალას, რათა გალში დარჩენილი ქართველი მოსწავლეებისთვის მიეწოდებინათ ინოვაციური და თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი საგაკვეთილო პროცესი. მუდმივად ხდებოდა სახელმძღვანელოებით მათი უზრუნველყოფა. როგორც მახსოვს, ამ საკითხთან დაკავშირებით 2012 წლის ნოემბერიდან უკვე პირველი პრობლემები გაჩნდა.
ქართული ენისა და საქართველოს ისტორიის სწავლება აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებულ სკოლებში მხოლოდ საგაკვეთილო პროცესი არაა. ამას ძალიან კარგად აცნობიერებს თავად თვითგამოცხადებული რეჟიმი და სწორედაც ამიტომ ცდილობს აკრძალოს ეს აქტივობები. ქართულ სახელმძღვანელოებში აფხაზეთი საქართველოს ტერიტორიაა და ამ ინფორმაციის მოსწავლეებისთვის მიწოდება ქართული პოლიტიკის აუცილებელი ნაწილი უნდა იყოს. ხელისუფლებამ უნდა გამოიყენოს ყველა შესაძლებლობა, რომ აფხაზეთის თვითგამოცხადებულმა რეჟიმმა ვერ განახორციელოს მსგავსი ქმედება - აქტიურად გამოიყენოს ყველა საერთაშორისო ბერკეტი და გადაარჩინოს ის დარჩენილი საქართველო აფხაზეთში, რომელიც აქამდე უამრავი რისკის ფასად იყო შენარჩუნებული!