სახალხო დამცველი jobs.ge-ს დისკრიმინაციული ვაკანსიების გამოქვეყნებაში ადანაშაულებს
სახალხო დამცველი "ჯობს.გეს" დისკრიმინაციის თავიდან აცილებისა და მის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხზე ზოგადი წინადადებით მიმართავს.
"ზოგადი წინადადება ეხება ვებგვერდზე „ჯობს.გე“ გამოქვეყნებული ვაკანსიების შესახებ განცხადებებში გამოყენებულ, სქესზე ორიენტირებულ ფრაზეოლოგიას. არასამთავრობო ორგანიზაცია "კონსტიტუციის 42-ე მუხლის" მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, 2010 წლიდან 2014 წლის ოქტომბრამდე, საიტზე სულ 71,360 განცხადება დაფიქსირდა. აღნიშნულ ბაზებზე მდედრობით სქესზე ორიენტირებული ენის გამოყენება ვაკანსიების 10.01%-ს შემთხვევაში ჩანს, ხოლო მამაკაცებზე ორიენტირებული ენა 24.02% შემთხვევაში. უფრო კონკრეტულად კი წწწ.ჯობს.გე-ს ბაზაზე სიტყვა "მამაკაცის" გამოყენება 1088-ჯერ დაფიქსირდა; ფრაზა "სასიამოვნო გარეგნობა" 1589 განცხადებაში; სიტყვა "სტაბილურს" 780 განაცხადი შეიცავს; ხოლო სიტყვა "ქალბატონი" 607 შემთხვევაში იქნა გამოყენებული.
სახალხო დამცველმა მიიჩნია, რომ მსგავსი განცხადებების გავრცელება ხელს უწყობს შრომით ურთიერთობებში დისკრიმინაციული პრაქტიკის განვითარებას. ვებგვერდ წწწ.ჯობს.გე-ზე გამოქვეყნებული იმ განცხადებების უმეტესობა, რომელიც შეიცავს მითითებას კონკრეტულ სქესზე, გარეგნობაზე თუ ოჯახურ მდგომარეობაზე, სამუშაოს მაძიებელ პირებს უზღუდავს შრომის ხელმისაწვდომობისა და შრომის განხორციელების უფლებას, არასახარბიელო მდგომარეობაში აყენებს მათ ანალოგიურ მდგომარეობაში მყოფ სხვა პირებთან შედარებით.
იმის გამო, რომ "ჯობს.გე" არ ახორციელებს დისკრიმინაციული სიტყვების შემცველი ვაკანსიების ფილტრაციას, ერთი მხრივ ხელს უწყობს დამსაქმებლებს გაავრცელონ დისკრიმინაციული ვაკანსიები და მისი მეშვეობით განახორციელონ დისკრიმინაცია დასაქმების ეტაპზე, ხოლო მეორე მხრივ იგი ასევე ამ დისკრიმინაციული პრაქტიკის ტირაჟირებას ახორციელებს. ამით კი ხელს უწყობს დამსაქმებლებს განახორციელონ დისკრიმინაცია და აფერხებს შრომით ურთიერთობებში დისკრიმინაციის აღმოფხვრისთვის ბრძოლას.
სახალხო დამცველმა ორგანიზაციას ზოგადი წინადადებებით მიმართა, შეიმუშავოს ისეთი რეგულაციები, რომლითაც აღმოიფხვრება დისკრიმინაციული ვაკანსიების გამოქვეყნება მის ვებ გვერდზე. ამასთან, სახალხო დამცველის ოფისმა გამოთქვა მზადყოფნა, დაეხმაროს "ჯობს.გეს" ადმინისტრაციას სახელმძღვანელოს შემუშავებაში, რომელიც მას გაუადვილებს დისკრიმინაციული ვაკანსიების გამოქვეყნების შეზღუდვას", - აღნიშნულია განცხადებაში.