ეკონომიკის სამინისტრო ქვეყნის მასშტაბური ინტერნეტიზაციის მიზნით ინტერესთა გამოხატვას აცხადებს
ეკონომიკის სამინისტრო ქვეყნის მასშტაბური ინტერნეტიზაციის მიზნით ინტერესთა გამოხატვას აცხადებს. როგორც მინისტრის მოადგილემ ნათია მიქელაძემ აღნიშნა, შერჩეული კომპანია მთელი საქართველოს მასშტაბით ოპტიკური მაგისტრალური საკაბელო სისტემის შექმნას 2000-მდე დასახლებულ პუნქტში ხელმისაწვდომი და მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის მისაწოდებლად უზრუნველყოფს.
"კომპანია, რომელიც ოპტიკური მაგისტრალური სადენების სისტემის შექმნის სამუშაოებს შეასრულებს, ვალდებული იქნება, სამი წლის განმავლობაში განახორციელოს მთელი საქართველოს ცენტრალური ქსელებით უზრუნველყოფა, რის შემდეგაც უფრო მცირე ზომის პროვაიდერები მოახდენენ ინტერნეტის მიყვანას საბოლოო მომხმარებლამდე. აღნიშნული პროექტის დასრულების შემდეგ, ფაქტობრივად, მთელი საქართველო იქნება უზრუნველყოფილი მაღალსიჩქარიანი ინტერნეტით, რასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის სოციალური და ეკონომიკური განვითარების კუთხით.
მინისტრის მოადგილის განცხადებით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო მზად არის, პასუხი გასცეს ინტერესთა გამოხატვასთან დაკავშირებულ ყველა კითხვას, რომელიც მიღებულ იქნება დღეიდან 2015 წლის 30 აპრილამდე.
"ინტერესთა გამოხატვის შესახებ განაცხადი წარდგენილი უნდა იყოს 3 ნაბეჭდი, ხელმოწერილი ორიგინალის და ერთი ელექტრონული ასლის (PDF) სახით. განაცხადი მოთავსებულიუნდა იყოს დალუქულ კონვერტში და უნდა ჩაბარდეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს არაუგვიანეს 2015 წლის 5 მაისის 14:00 საათისა. ამის შემდგომ, სპეციალურად ამ მიზნისთვის შექმნილი სამთავრობო კომისია გამოავლენს "მოკლე სიაში" შესულ კანდიდატებს, რომლებთანაც 2015 წლის 15 მაისამდე გაიმართება დასაზუსტებელი შეხვედრები, სადაც განიხილება თითოეული კანდიდატის მიერ გაკეთებული შეთავაზება. დასაზუსტებელი შეხვედრების შემდეგ "მოკლე სიაში" შესულ კანდიდატებს მიეცემათ ვადა 2015 წლის 30 მაისამდე, წარმოადგინონ პროექტთან დაკავშირებით საბოლოო წინადადება, სადაც ისინი უფლებამოსილნი იქნებიან, გააუმჯობესონ ინტერესთა გამოხატვით შემოთავაზებული პირობები და დააზუსტონ ტექნიკური დეტალები,-""განაცხადა ნათია მიქელაძემ.
დაზუსტებული ინფორმაციის წარმოდგენის შემდეგ სამთავრობო კომისია მოამზადებს რეკომენდაციას გამარჯვებულის გამოვლენის თაობაზე საქართველოს მთავრობისთვის წარსადგენად. საქართველოს მთავრობა გამარჯვებულის გამოვლენას გეგმავს არაუგვიანეს 14 ივნისისა", - აცხადებენ სამინისტროში.