თეა წულუკიანი: ინტერპოლმა საქართველოს 2014 წელს 13 მოთხოვნა დაუკმაყოფილა
იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" (IDFI) მიერ გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას, რომელიც 2010-2015 წლებში ინტერპოლით ძებნის გამოცხადებასა და ექსტრადირებაზე პროკურატურის სტატისტიკას მოიცავს, განაცხადა, რომ 2011 წელს ინტერპოლმა საქართველოს დაუკმაყოფილა 28-დან 20 მოთხოვნა, ხოლო 2014 წელს 15-დან - 13 მოთხოვნა.
"საუბარია იმაზე, რომ ექსტრადიციის პროცედურას მიაქვს ძალიან დიდი დრო, რა მონაცემებიც მე მაქვს ნანახი, 2011 წელს ინტერპოლმა საქართველოს დაუკმაყოფილა 28-დან 20, ხოლო 2014 წელს 15-დან - 13. ამიტომ მე რაიმე საგანგაშოს ამ ციფრებში ვერ ვხედავ და მხოლოდ ციფრები არ იძლევა სურათის ანალიზის საშუალებას", - განაცხადა წულუკიანმა.
მისივე თქმით, რაც შეეხება მიმდინარე 2014-2015 წლების სამუშაოს, ამის შედეგები გამოჩნდება და ციფრებში აისახება არა წელს, არამედ გაისად, რადგან დღეს დაწყებული პროცედურები შედეგს მოიტანს მხოლოდ გაისად.
"2010-2015 წლებში საქართველოს პროკურატურამ ინტერპოლის გენერალურ სამდივნოს ცირკულარით საერთაშორისო ძებნის გამოცხადების თხოვნით სულ 131 განცხადებით მიმართა, რომელთაგან 121 დაკმაყოფილდა", - აღნიშნულია IDFI-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.