"უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ" კანონში ცვლილებები ხორციელდება
საქართველოს მთავრობის ინიციატივით, "უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ" კანონში ცვლილებები ხორციელდება. კანონში დაგეგმილი ცვლილებების მომზადების მიზეზს "დანაშაულებრივი გზით მიღებული შემოსავლების გათეთრების, მოძიების, ამოღების და კონფისკაციის და ტერორიზმის დაფინანსების შესახებ" ევროპის საბჭოს კონვენციის მოთხოვნების იმპლემენტაციის აუცილებლობა წარმოადგენს.
პროექტის ავტორთა განმარტებით, კონვენციის მონაწილე ქვეყნები აღიარებენ, რომ მიზნის მისაღწევად საერთაშორისო თანამშრომლობის კარგად ფუნქციონირებადი სისტემა უნდა შეიქმნას და აუცილებელია გადაუდებელი ზომების მიღება, რათა ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ღონისძიებათა ხელშეწყობა მოხდეს, კონვენციაში გათვალისწინებულია მონაწილე ქვეყნის ვალდებულება, რომ "ფინანსური დაზვერვის სამსახურის" ან ნებისმიერი სხვა კომპეტენტური ორგანოს მეშვეობით საეჭვო გარიგებების შეჩერება ან შეზღუდვა განხორციელდეს.
ცვლილების მიხედვით, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს უფლებამოსილება ენიჭება, უცხო ქვეყნის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს დასაბუთებული წერილობითი მიმართვის საფუძველზე (ნაცვალგების პრინციპით), მონიტორინგის განმახორციელებელ პირს წერილობითი ან ზეპირი მითითება მისცეს, ან საეჭვო გარიგების შესახებ ვარაუდის არსებობისას, უცხო ქვეყნის შესაბამის უფლებამოსილ ორგანოს გარიგების (ოპერაციის) შეჩერების ან პროფესიული მომსახურების შეზღუდვის თხოვნით თავად მიმართოს.