შსს-ს ტექნოლოგიური ინოვაციებისა და სწავლების ცენტრი გაიხსნა

შსს-ს ტექნოლოგიური ინოვაციებისა და სწავლების ცენტრი გაიხსნა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა შსს-ს ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტის ტექნოლოგიური ინოვაციებისა და სწავლების ცენტრი გახსნეს.

"ჩემთვის დიდი პატივია, რომ დღეს ვესწრები ამ ღონისძიებას. ეს არის ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა იქიდან გამომდინარე, რომ ასეთი ცენტრი საქართველოში არ არსებობდა. ჩვენ ორი წლის წინ დავიწყეთ ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული სტრატეგიის შემუშავება. ეს ცენტრი კი საშუალებას მოგვცემს, აღნიშნული სტრატეგია განვახორციელოთ და ბოლომდე მივიყვანოთ. მოგეხსენებათ, ამ საკითხის კოორდინაცია უნდა მოხდეს შს სამინისტროს მიერ. დარწმუნებული ვარ, რომ არის კვალიფიციური პერსონალი და ვიცი, რომ თანამშრომლების გადამზადება მოხდა", - განაცხადა ღარიბაშვილმა.


აქვე ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნული ცენტრის გახსნაში დახმარებისთვის ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას მადლობა გადაუხადა.

"აქვე მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო შეერთებული შტატების მთავრობას, რომელიც მუდმივად გვიწევს მხარდაჭერას და დახმარებას ბირთვული გაუვრცელებლობის შესაძლებლობების საქმეში. ჩვენ არაერთი პროექტი განვახორციელეთ წარმატებით და სწორედ ამიტომ, ყოველთვის ხაზგასმით და მადლიერებით აღვნიშვნათ იმ დახმარებას, რომელსაც ჩვენი სახელმწიფო იღებს ამერიკის შეერთებული შტატებისგან. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ამ სფეროში ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან თანამშრომლობა, ვინაიდან კარგად გვესმის, რამხელა როლი აქვს საერთაშორისო თანამეგობრობას მსოფლიოს მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. დარწმუნებული ვარ, საქართველო თავის წვლილს შეიტანს რეგიონის უსაფრთხოების განმტკიცებაში. საქართველოს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი სტარტეგიული მდებარეობა რეგიონში და მეტად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს ქვეყანაში იყოს უმაღლეს დონეზე უსაფრთხოება. დღევანდელი პრეზენტაცია არის დასტური, რომ ჩვენს ქვეყანას უკვე აქვს შესაძლებობა, მოახდინოს ბირთვული, რადიაქტიული მასალების გადაადგილების კონტროლი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე და, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, კონტროლი ხორციელდება სახელმწიფო საზღვარზე. ჩვენ რეალური და ქმედითი ნაბიჯები გადავდგით საზღვრის დაცვის მიმართულებით. შსს-ს ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტის ტექნოლოგიური ინოვაციების და სწავლების ცენტრი საშუალებას გვაძლევს, საქართველო გახდეს რეგიონალური და უსაფრთხოების უზრუნველყოფის აქტიური მონაწილე და ლიდერი რეგიონში", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: